მიხეილ ჯანელიძე - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოს პროგრესს ასახავს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ასახავს იმ პროგრესს ბევრი მიმართულებით, რომელიც საქართველოშია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ბათუმში ნატო-ს დღეების ფარგლებში გამართული შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველის ხელისუფლება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არსებულ შენიშვნებს გაითვალისწინებს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ამ მიმართულებით თანამშრომლობა. ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს გვერდში უდგას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. რა თქმა უნდა, ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მათ ხედვებს. რაც შეეხება გარკვეულ შენიშვნებს, ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ, თუმცა არის ბევრი შენიშვნა, არა სახელმწიფო დეპარტამენტის, არამედ ოპოზიციის“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.ანგარიშში, რომელიც დემოკრატიის, ადამიანისა და მშრომელთა უფლებების შემსწავლელმა ბიურომ მოამზადა, ყურადღება გამახვილებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პრობლემებზე, მედიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე.