მიხეილ გიორგაძე - არ ველოდები ისეთ პრინციპულ პრობლემას, რომლის გამოც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს გადადგომის რეკომენდაციით მივმართავ
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე არ ელოდება, რომ ძიუდოს ფედერაციის მუშაობასთან დაკავშირებით წარმოიქმნება ისეთი პრინციპული პრობლემა, რომელიც საფუძველს მისცემს, ფედერაციის პრეზიდენტს გადადგომის რეკომენდაციით მიმართოს.
მისი თქმით, ძიუდოს ფედერაციაში ვითარება ჩიხში არ არის შესული და არსებული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი დიალოგია.
„ფედერაციის მუშაობასთან დაკავშირებით არ ველოდები არც ერთ ისეთ პრინციპულ საკითხს ან პრობლემას, რომელიც საფუძველს მომცემდა, ფედერაციის პრეზიდენტისთვის გადადგომის რეკომენდაციით მიმემართა.
ვფიქრობ, საკითხებს, რომლებიც სამწვრთნელო პროცესს უკავშირდება, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის საკითხთან კავშირი არ აქვს. თუ ასეთი საკითხები არსებობს, ისინი საკმაოდ მარტივად არის გამოსასწორებელი, ხოლო რა განმარტებებიც პრეზიდენტისგან პირველ სხდომაზე მოვისმინეთ, იყო ძალიან არგუმენტირებული და ლოგიკურად დასაბუთებული, ასევე გამაგრებული სწორედ იმ დოკუმენტებით, რომელთა რევიზიაც მოხდა.
ასე რომ, მე არაერთხელ მითქვამს, სხვათა შორის პირველი შეხვედრის დროს სპორტსმენებს პირდაპირ ვუთხარი, რომ მიუხედავად ჩემი პირადი და დარწმუნებული ვარ ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის განსაკუთრებული დამოკიდებულებისა, ულტიმატუმის ფორმა, რომელიც მათ საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად აირჩიეს, ჩიხურ ვითარებას ქმნის. თუ ჩვენ ერთმანეთს არ ვატყუებთ და რასაც ვამბობთ მხოლოდ ძიუდოს განვითარებისა და საქმის გამოსწორებისთვის ვამბობთ, მაშინ საქმე ასეთი ფორმით არ სწორდება.
დამეთანხმებით, განვითარება გამოხატვის ასეთი ფორმით არ ხდება. თუ ჩვენ მართლა გვინდა, რომ საკითხი დავარეგულიროთ, და ძიუდოს შემდგომ განვითარებაზე ვიმუშაოთ, მაშინ ერთადერთი გასაღები არის მხარეებს შორის დიალოგი. კონკრეტულად კი იმ საკითხების კონსტრუქციულად გადაჭრა, რომლებიც ამ განვითარებას უშლის ხელს“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ძიუდოს ფედერაციაში შექმნილ ვითარებაზე სპეციალური კომისიის დასკვნითი სხდომა 28 ან 29 მაისს გაიმართება.