მიხეილ ჩხენკელი - სახელმწიფომ სიმართლე უნდა უთხრას სტუდენტებს, მშობლებს, რომ ავტორიზაცია მხოლოდ მაღალი აკადემიური ხარისხის უნივერსიტეტს ექნება
სახელმწიფომ სრული სიმართლე უნდა უთხრას ყოველ სტუდენტს, ყოველ აბიტურიენტს, მათ მშობლებს და ეს სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელი უნდა იყოს მხოლოდ ის უნივერსიტეტი, რომელსაც აქვს მაღალი აკადემიური ხარისხი, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მიხეილ ჩხენკელმა კომენტარი გააკეთა რამდენიმე უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით. მინისტრმა ამ უნივერსიტეტების სტუდენტებსაც მიმართა.
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მთავარი საზრუნავი გახლავთ განათლების ხარისხი. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ სრული სიმართლე უნდა უთხრას ყოველ სტუდენტს, ყოველ აბიტურიენტს, მათ მშობლებს და ეს სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელი უნდა იყოს მხოლოდ ის უნივერსიტეტი, რომელსაც გააჩნია მაღალი აკადემიური ხარისხი.
რამდენიმე უნივერსიტეტს შეუჩერდა ავტორიზაცია სწორედ ხარისხის დონიდან გამომდინარე. პირველ რიგში მინდა, მივმართო ავტორიზაციაშეჩერებულ უნივერსიტეტების სტუდენტებს. ადამიანურად ძალიან კარგად მესმის, მათთვის საკმაოდ ძნელი მოსასმენია ის გარემოება, რომ მათ უნივერსიტეტებს შეუჩერდათ ავტორიზაცია, მაგრამ მინდა, ყოველი სტუდენტი დავარწმუნო, რომ არც ერთი მათაგანი არ დარჩება უმაღლესი განათლების გარეშე. მათთვის სპეციალურად გამოცხადდება მობილობის პროცესი და მათ საშუალება ექნებათ, თავისი სურვილისამებრ მობილობით ისარგებლონ და გადავიდნენ ავტორიზებულ, მაღალი ხარისხის მქონე უნივერსიტეტებში“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, სტუდენტებს სამინისტრო და ხარისხის ეროვნული ცენტრი მაქსიმალურად დაეხმარებიან მობილობის პროცესში.
„დახმარება ითვალისწინებს სტუდენტებთან კონსულტაციებს, ასევე უმაღლეს სასწავლებლებთან კომუნიკაციას. ასე რომ, ჩვენ მაქსიმალურად ვიქნებით ჩართული იმისთვის, რომ ყველა სტუდენტი იქნება დაკვალიანებული და გააგრძელებენ სწავლას ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში“, – განაცხადა ჩხენკელმა.
მინისტრმა განაცხადა, რომ მზად არის, შეხვდეს თითოეულ სტუდენტს და ისაუბროს ავტორიზაციის შეჩერების საკითხებზე.
„ჩემი კარი მათთვის ღიაა და მზად ვარ, დღესვე შევხვდე სტუდენტებს და როგორც მოგახსენეთ, უფრო დეტალურად ვისაუბროთ ამ პროცესზე“, – განაცხადა ჩხენკელმა.
ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შპს თბილისის სამედიცინო-სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატესა“ და შპს „თბილისის საერთაშორისო აკადემიას“ ავტორიზაცია გაუუქმდათ.