უნივერსიტეტ „ჰიპოკრატესა“ და შპს „თბილისის საერთაშორისო აკადემიას“ ავტორიზაცია გაუუქმდათ
უნივერსიტეტ „ჰიპოკრატესა“ და შპს „თბილისის საერთაშორისო აკადემიას“ ავტორიზაცია გაუუქმდათ

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შპს თბილისის სამედიცინო-სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატესა“ და შპს „თბილისის საერთაშორისო აკადემიას“ ავტორიზაცია გაუუქმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის თანახმად, აღნიშნულ სასწავლებლებში ფიქსირდება დარღვევები როგორც სასწავლო პროცესის, ისე ხარისხის მიმართულებით.

სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებას მხოლოდ ამ დაწესებულების სტუდენტებისთვის.

„2018 წლის 15 თებერვალს გამართულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე განიხილებოდა შპს თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ჰიპოკრატესა და შპს თბილისის საერთაშორისო აკადემიაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები.

კანონით გათვალისწინებული გარდამავალი პერიოდის ფარგლებში, აღნიშნულ დაწესებულებებში მონიტორინგი განხორციელდა ძველი სტანდარტებით (მატერიალური რესურსი, საგანმანათლებლო პროგრამები, ადამიანური რესურსი).

ექსპერტთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შპს თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ჰიპოკრატესა და შპს თბილისის საერთაშორისო აკადემიას გააუქმდეს ავტორიზაცია.

დარღვეულია სტანდარტის თითქმის ყველა მოთხოვნები. დაფიქსირებული დარღვევები პირდაპირ დაკავშირებულია სასწავლო პროცესთან და ხარისხთან. უფრო კონკრეტულად, ხარვეზები ეხება საგანმანათლებლო პროცესს, რომელიც თითქმის არ მიმდინარეობდა, საბიბლიოთეკო რესურსები დასაწყობებულ მდგომარეობაშია და რესურსების გამოყენების ფაქტები შესაბამისად არ ფიქსირდება.

არ ფიქსირდება პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკული მეცადინეობის სათანადო ბაზები. კლინიკური უნარჩვევების გარკვეულ ნაწილს სტუდენტები ერთმანეთზე სწავლობენ. გარდა საგანმანათლებლო ნაწილისა, სერიოზული პრობლემები არის ადმინისტრაციის, ფინანსებისა და ორგანიზაციული მოწყობის ნაწილში, რომელიც მთლიანად შეუსაბამოა საგანმანათლებლო მიზნებისთვის.

დეტალური ინფორმაცია დასკვნისა და ოქმის სახით გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე კანონით დადგენილ ვადაში.

სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით, ცენტრი უზრუნველყოფს რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებას მხოლოდ ამ დაწესებულების სტუდენტებისათვის. სტუდენტებს ექნებათ საშუალება, სურვილის მიხედვით გადანაწილდნენ სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. აგრეთვე ცენტრი დაეხმარება სტუდენტებს კონსულტაციებით და დაწესებულებებთან კომუნიკაციაში“, – აღნიშნულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი