მიხეილ ჩხენკელი - განათლებისა და მეცნიერების ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი შესაძლებლობას გვაძლევს, ვიმუშაოთ სიახლეებზე და გავაუმჯობესოთ მიღწეული შედეგები
მიხეილ ჩხენკელი - განათლებისა და მეცნიერების ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი შესაძლებლობას გვაძლევს, ვიმუშაოთ სიახლეებზე და გავაუმჯობესოთ მიღწეული შედეგები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტის წევრებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სფეროში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, მიღწეული შედეგებიდა სამომავლო გეგმები გააცნო.

მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებულ ინიციატივებზე, რომლებიც განათლების ყველა საფეხურზე თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული.

მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის უპირობო მხარდაჭერის მნიშვნელობას, რასაც განათლებისა და მეცნიერების ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი ადასტურებს.

„განათლება და მეცნიერება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამის ნათელი დასტურია ის, რომ „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასიგნებები ორი მილიარდ ოცდაათი მილიონ რვაასი ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს 345,9 მლნ ლარით აღემატება. ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს, ვიმუშაოთ სიახლეებზე, გავაუმჯობესოთ უკვე მიღწეული შედეგები და კიდევ უფრო აქტიურად, სწრაფი ტემპით გავაგრძელოთ მიმდინარე კომპლექსური რეფორმა, რომელიც განათლების სისტემის ყველა საფეხურს მოიცავს“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიან ეროვნულ სტრატეგიაზე და ამავე სტრატეგიის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმაზე.

როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული დოკუმენტი დაფუძნებულია 10-წლიან გეგმაზე, რომელიც 2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად წარედგინა საზოგადოებას.

მინისტრმა ასევე ისაუბრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართულ „განათლების ტრანსფორმაციის სამიტზე“, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დეტალურად ისაუბრა 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის შესახებ.

„სამიტში გაერო-ს გენერალური ასამბლეის მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებმაც მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე განათლების ტრანსფორმაციის შესახებ საკუთარი ხედვები წარადგინეს. წილად მხვდა პატივი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, სამიტის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში პირადად მიმეღო მონაწილეობა. განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მაქსიმალურად ითვალისწინებს მდგრადი განვითარების მიზნებს და ხელს უწყობს მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში მიღწეული შედეგების გამყარებას. თითოეული ინიციატივა და პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ, სრულ შესაბამისობაშია აღნიშნული სტრატეგიით გათვალისწინებულ პრიორიტეტებთან და მიმართულია საზოგადოებისა და სახელმწიფოს საჭიროებებზე ორიენტირებული ხარისხიანი, თანასწორი, ინკლუზიური და მრავალფეროვანი განათლებისა და მეცნიერების სისტემის უზრუნველყოფისკენ“,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.