მიხეილ ბატიაშვილი - ქართული განათლების მოდელის ექსპორტზე აქტიურად ვმუშაობთ
ქართული განათლების მოდელის ექსპორტზე აქტიურად ვმუშაობთ. გრძელვადიან პერსპექტივაში განათლება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ხაზი უნდა გახდეს, რომელიც ეკონომიკას ხელს შეუწყობს,- ამის შესახებ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან სამხედრო სასწავლებლებსა და საქართველოს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის ახლახანს დამყარებული პარტნიორობა და ზოგადად, საქართველოს განათლების მოდელის საექსპორტო პოტენციალი განიხილეს.
დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ საქართველოს ტექნოლოგიური მიმართულებით საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვს და საკუთარი გამოცდილების მეზობელ ქვეყნებში ექსპორტიც შეუძლია.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, ისინი უკვე აქტიურად მუშაობენ ყაზახეთში ქართული მოდელის ექსპორტზე და ეს საკითხი სავარაუდოდ მიმდინარე წლის გაზაფხულის ბოლომდე გადაწყდება.
„ერთი კვირის წინ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, ყაზახეთში აქტიურად დავიწყეთ მუშაობა, რომ ქართული განათლების მოდელის ექსპორტი განვახორციელოთ. გვქონდა მნიშვნელოვანი სამთავრობო შეხვედრებიც და ახლა ქართული განათლების მოდელის ექსპორტისთვის ვემზადებით, რომელიც ვფიქრობთ გაზაფხულის ბოლოს მზად იქნება. ახლა ყველა ქვეყანაში ვირუსული აჟიოტაჟია, მაგრამ ეს ყველაფერი გადაივლის და რაც მთავარია, აქტიურად ვმუშაობთ, რომ პირველი პრეცედენტი შევქმნათ და ქართული განათლების მოდელის ექსპორტი მოვახდინოთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ამიტომ ყველა ის პროექტი, რაც დღეს ვახსენეთ, სხვა პროექტებიც ყველაფერი იმას მოემსახურება, რომ საქართველოში მივაღწიოთ და განათლების ხარისხი რეალურად მაღალი გახდეს. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ექსპორტზე ვისაუბროთ, მეზობელი ქვეყნების ინტერესზე, რომ განათლება აქ მიიღონ. ეს ნაბიჯ-ნაბიჯ, თუნდაც განათლების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, გრძელვადიან პერსპექტივაში იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ გრძელვადიანად ვიფიქროთ განათლება გახდეს და გახდება ერთ-ერთი სტრატეგიული ხაზი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და ექსპორტს შეუწყობს ხელს“, – განუცხადა მიხეილ ბატიაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.