მიხეილ ბატიაშვილი - გპირდებით, რომ მეხუთე საჯარო სკოლაში არსებული საკითხი მოგვარდება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, რუსთავის მეხუთე საჯარო სკოლაში არსებული საკითხის მოგვარებაში სამინისტრო აქტიურად არის ჩართული.
როგორც მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, აუცილებელია საერთო ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილების მიღება.
„ჩვენი სამინისტრო ბოლო პერიოდში აქტიურად იყო ჩართული და ამაში იგულისხმება როგორც მანდატურის სამსახური, ასევე ფსიქოლოგები. ვიცით, რომ სამუშაოა. სამინისტროს მხრიდან ჩართულობა ეს დღეს არ დაწყებულა, როგორც აქამდე ხორციელდებოდა, ეს ასევე უნდა განხორციელდეს.
აქ საუბარია ბავშვებზე, საერთო ინტერესებზე და უნდა მივიდეთ ისეთ გადაწყვეტილებამდე, რომელიც იქნება ყველაზე სწორი. თუ საჭირო გახდა, ჩავალ. ჩვენი სამინსიტროს თანამშრომლები ჩასული არიან. ჩვენთვის ჩასვლა-არჩასვლა არ არის მთავარი, მთავარია ეს პრობლემა გადავწყვიტოთ. მუშაობენ იქ ადამიანები, ძალიან ღრმად ვართ გარკვეული ამ საკითხში. გარწმუნებთ, რომ ეს საკითხი უნდა მოგვარდეს, არა განზოგადებით და გპირდებით, ეს საკითხი მოგვარდება“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
რუსთავის მეხუთე საჯარო სკოლაში დღეს ხმაური იყო. მოსწავლეების მშობლები იმ მე-6 კლასელის დედას დაუპირისპირდნენ, რომელსაც მუსიკის მასწავლებელი ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მშობლები მოსწავლის სკოლიდან გადაყვანას ითხოვენ. მათი თქმით, მე-6 კლასელი მოსწავლე საფრთხეს წარმოადგენს და შვილების სკოლაში გაშვების ეშინიათ.
რუსთავის მეხუთე საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი ნანა წიქარიშვილი მე-6 კლასელ მოსწავლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. პედაგოგის განცხადებით, გოგონამ მას ხელი კრა და კიბეებზე დააგორა.