საქსტატი - 2023 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 47 291 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 4.1 პროცენტით მეტია
საქსტატი - 2023 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 47 291 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 4.1 პროცენტით მეტია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში 2 296 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის, 2 086 საჯარო, ხოლო 210 – კერძო.

საქსტატის ცნობით, წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა ექვსი ერთეულით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა იმერეთში ფიქსირდება.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 634.3 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 0.2 პროცენტით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89.5 პროცენტი სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში – 10.5 პროცენტი. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48.2 პროცენტი გოგოა, ხოლო 51.8 პროცენტი – ბიჭი. რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე – 35.5% თბილისში სწავლობს.

ამასთან, 2023/2024 სასწავლო წელს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნებს, რომლებიც სავალდებულოდ ისწავლება I, V და VI კლასებში, 166.9 ათასი მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.1 პროცენტით ნაკლებია.

2023 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 47 291 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.1 პროცენტით აღემატება. დაწყებითი განათლება მიიღო 56.6 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.0 პროცენტით ნაკლებია, ხოლო საბაზო განათლება – 46.8 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.9 პროცენტით მეტია.

საქსტატის ინფორმაციით, 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 63.7 ათასი მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.2 პროცენტით მეტია. მასწავლებელთა უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი – 87.5 პროცენტი, ხოლო კაცების წილი 12.5 პროცენტია.