საქსტატი - 2020 წელს სკოლა დაასრულა 88 554 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.4%-ით აღემატება
საქსტატი - 2020 წელს სკოლა დაასრულა 88 554 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.4%-ით აღემატება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020/2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 309 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 223 კერძო. წინა სასწავლო წელთან შედარებით ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა ოთხი ერთეულით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.0%) იმერეთში ფიქსირდება.

საქსტატის ცნობით, 2020/2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 609.1 ათასი მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 2.7%-ით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 90.1% სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში – 9.9%. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 47.9% გოგოა, ხოლო 52.1% – ბიჭი. რეგიონებს შორის კი, ყველაზე მეტი მოსწავლე (34.9%) თბილისში სწავლობს.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, 2019/2020 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა შეწყვიტა 8 247 მოსწავლემ, რაც 31.6%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 41.0% გოგოა, ხოლო 59.0% – ბიჭი.

2020/2021 სასწავლო წელს, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნებს (აღნიშნული საგნები სავალდებულოდ ისწავლება I, V და VI კლასებში) 167 375 მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.7%-ით მეტია.

2020 წელს სკოლა დაასრულა 88 554 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.4%-ით აღემატება. როგორც საბაზო, ასევე საშუალო განათლების კურსდამთავრებულთა შორის ბიჭები ჭარბობენ, რომელთა წილი, შესაბამისად, 52.5% და 51.2%-ს შეადგენს.

2020/2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 62 699 პედაგოგი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.7%-ით ნაკლებია. მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 87.2%, ხოლო კაცების წილი 12.8% -ია.