რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის მასწავლებელი მე-6 კლასელ მოსწავლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს
რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის მასწავლებელი მე-6 კლასელ მოსწავლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი ნანა წიქარიშვილი მე-6 კლასელ მოსწავლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. პედაგოგის განცხადებით, გოგონამ მას ხელი კრა და კიბეებზე დააგორა.

მასწავლებელი კლინიკა რუსთავში გუშინ შეიყვანეს და ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის.

ამასთან, როგორც პედაგოგმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, მოსწავლე მას ბოლო პერიოდში უთვალთვალებდა. მისი მტკიცებით, გუშინ მეხუთე გაკვეთილზე შედიოდა, რა დროსაც მოსწავლემ ხელი კრა და მესამე სართულიდან, კიბიდან დააგორა.

აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს მოსწავლის დედა. მასწავლებელს ძალადობაში თავად ადანაშაულებს და ამბობს, რომ მასწავლებელმა მისი შვილი ჯერ კიდევ აპრილში ცემა. მშობლის მტკიცებით, გუშინდელი ფაქტის შემდეგ გოგონა ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფება.

როგორც კლინიკის ნეიროქირურგი მიხეილ გურასპიშვილი აცხადებს, მასწავლებელს თავის ტვინის შერყევა და წელის არეში დაჟეჟილობა აღენიშნება. მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მკურნალობა სჭირდება.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მასწავლებელთან გამოკითხვის მიზნით გამომძიებელი იმყოფება.

დატოვე კომენტარი