მიხეილ ჩხენკელი - ჩვენი მიზანია, მეშვიდედან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები სასკოლო სივრცეს ამ სემესტრში დაუბრუნდნენ, ეს დამოკიდებულია მხოლოდ ეპიდსიტუაციაზე
მიხეილ ჩხენკელი - ჩვენი მიზანია, მეშვიდედან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები სასკოლო სივრცეს ამ სემესტრში დაუბრუნდნენ, ეს დამოკიდებულია მხოლოდ ეპიდსიტუაციაზე

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მეშვიდედან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებიც დაუბრუნდნენ სასკოლო სივრცეს, ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე,- ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები ისედაც იმყოფებიან სასკოლო სივრცეში, თუმცა აღნიშნა, რომ კორონავირუსის გამო, მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, ბავშვები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ.

„მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ განათლების სამინისტრომ საზოგადოებას შესთავაზა ონლაინმეთოდის პარალელურ რეჟიმში გაგრძელება. 1-6 კლასის მოსწავლეები სასკოლო სივრცეში არიან, თუმცა თუ კონკრეტული ოჯახი, მოსწავლეების მშობლები აირჩევენ ონლაინრეჟიმს, თუ ურჩევნიათ ეს, ნებისმიერ დროს შეუძლიათ, ონლაინრეჟიმში გააგრძელონ სწავლა. ანუ პარალელურად მიმდინარეობს ეს ორი პროცესი, შესაბამისად, ეს არის ძალიან მოქნილი სისტემა და თითოეულ ოჯახს აქვს არჩევანის გაკეთების საშუალება.

7-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეების სასკოლო სივრცეში დაბრუნებას რაც შეეხება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მოხდეს. ცხადია, ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე. ჩვენი მიზანია, ეს მოხდეს ამ სემესტრში და ამ სემესტრში ეს მოხდება. კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით, რასაკვირველია, საზოგადოებას წინასწარ ვაცნობებთ. ეს დამოკიდებულია მხოლოდ ეპიდსიტუაციაზე. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საზოგადოებას ვთხოვო, რომ საჭიროა სამედიცინო სფეროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა, რათა ჩვენს ბავშვებს ჰქონდეთ საშუალება, საკლასო ოთახებში გააგრძელონ სასწავლო პროცესი“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.