მიხეილ ბატიაშვილი - ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მიზანია, საუნივერსიტეტო პროგრამა და აბიტურიენტთა გამოცდები ერთმანეთთან შესაბამისობაში იყოს
მიხეილ ბატიაშვილი - ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მიზანია, საუნივერსიტეტო პროგრამა და აბიტურიენტთა გამოცდები ერთმანეთთან შესაბამისობაში იყოს

ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მიზანია, საუნივერსიტეტო პროგრამა და აბიტურიენტთა ჩასაბარებელი გამოცდები რელევანტური გახდეს, ერთმანეთთან შესაბამისობაში იყოს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალ მოდელთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებებს წინ კვლევები და ექსპერტული შეფასებები უძღოდა.

„გვაქვს რამდენიმე დაყოფა – ტექნიკური მიმართულებით ისეთ სავალდებულო საგნებთან, როგორიც არის ვთქვათ ქართული, უცხო ენა, იქნება მათემატიკა; ჰუმანიტარული მიმართულებით იქნება ასევე უცხო ენა, ქართული და ისტორია. ისტორია მოგეხსენებათ ყველაზე მრავლისმომცველი საგანია, რომელიც მოიცავს ისტორიის გარდა ასევე გეოგრაფიას, ხელოვნებას, სამოქალაქო განათლებას და ა.შ. თავისთავად უნივერსიტეტს აქვს საკუთარი არჩევანი პროგრამიდან გამომდინარე, რომ დაამატოს მეოთხე საგამოცდო საგანი, რომელსაც უნივერსიტეტი თავად წყვეტს“, – აღნიშნავს მინისტრი.

მისივე ინფორმაციით, კონსულტაციები უნივერსიტეტებთანაც გაიმართა. უმაღლეს სასწავლებლებთან კონსულტაციები გრძელდება და ისინი სექტემბრეში წარადგენენ, კონკრეტული პროგრამებზე რა საგნების ჩაბარება იქნება შესაძლებელი. საბოლოო სია 16 სექტემბერს გამოქვეყნდება.

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ.