ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი კორუფციული სკანდალის საგამოძიებო მასალებში მოხვდა
ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი კორუფციული სკანდალის საგამოძიებო მასალებში მოხვდა

ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი ბერძენი პოლიტიკოსების სიაში აღმოჩნდა, რომლებიც შვეიცარიულ ფარმაცევტულ კომპანია Novartis-თან დაკავშირებული კორუფციულ გამოძიებაში ფიგურირებენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. სიაში სულ 10 ბერძენი პოლიტიკოსია.

ფარმაცევტულ კომპანია Novartis-ი, მედიკამენტებზე ფიქსირებული ფასების დადგენის სანაცვლოდ, პოლიტიკოსებისთვის ქრთამის მიცემაში ადანაშაულებენ. პროკურორები მიიჩნევენ, რომ კორუფციული გარიგების შედეგად, ფინანსური კრიზისის დროს სახელმწიფო მილიარდობით ევროთი დაზარალდა.
გამოძიება 2006-2015 წლებს ეხება. ეს პერიოდი მოიცავს იმ მონაკვეთსაც, როდესაც დიმიტრის ავრამოპულოსი საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. თავად ევროკომისარი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები უსაფუძვლო და მცდარია.

„ახლა ნათელია, რომ ეს არის უპრეცედენტო შეთქმულება, რომელიც ევროკავშირის სხვა ქვეყანაში ვერ მოხდებოდა. ასეთი რამის მოფიქრება მხოლოდ ავადმყოფ გონებას შეუძლია“, – განაცხადა ავრამოპულოსმა.

მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური ოპონენტების განადგურების მცდელობა. აღსანიშნავია, რომ დიმიტრის ავრამოპულოსი კონსერვატიული პარტიის, „ახალი დემოკრატიის“ წევრია.

როგორც ბერძნული სააგენტო AMNA იტყობინება, გამოძიების მონაცემებით, პოლიტიკოსებმა ქრთამის სახით 50 მილიონ ევრომდე მიიღეს. გამოძიებასთან დაკავშირებულ სხვა პოლიტიკოსთა შორის არიან საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონის სამარასი (2012-2015) და პრემიერ-მინისტრის ყოფილი თანაშემწე პანაგიოტის პიკრამენოსი (2012 წლის მაის-ივნისი). ყველა მათგანი კორუფციულ სქემასთან კავშირს უარყოფს. კომპანია Novartis-ში კი აცხადებენ, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობენ.