„პოლიტიკო“ - ევროპარლამენტის წევრებს შესაძლოა, თანამდებობის დატოვების შემდეგ ორი წლის განმავლობაში ლობირება აეკრძალოთ
„პოლიტიკო“ - ევროპარლამენტის წევრებს შესაძლოა, თანამდებობის დატოვების შემდეგ ორი წლის განმავლობაში ლობირება აეკრძალოთ

ევროპარლამენტის წევრებს, შესაძლოა, თანამდებობის დატოვების შემდეგ ორი წლის განმავლობაში ლობირება აეკრძალოთ. როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ მიმდინარე კვირაში უნდა წარადგინოს ევროპარლამენტის ლობირებისა და გამჭვირვალობის წესების ცვლილებები. აღნიშნული ცვლილებები ე.წ. კატარ გეითის კორუფციულ სკანდალს უკავშირდება.

როგორც გამოცემა ევროპარლამენტში ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, მეცოლა, ჯამში, 14 ინიციატივას წარადგენს, რომლებიც, ლობირების დროებით შეზღუდვასთან ერთად, დეპუტატებს დაავალდებულებს, გაასაჯაროონ, თუ ვის ხვდებიან ისინი. ცვლილებები ასევე აუკრძალავს ევროპარლამენტარებს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან არაოფიციალური მეგობართა ჯგუფების შექმნას, ასევე დაავალდებულებს ევროპარლამენტის წევრებს, მიაწოდონ ინფორმაცია მათი შემოსავლის წყაროების შესახებ.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, ევროპარლამენტისადმი ნდობა დეკემბერში შეილახა, როდესაც ბელგიის ხელისუფლებამ მოქმედი და ყოფილი ევროპარლამენტარების წინააღმდეგ კატარისა და მაროკოსგან ქრთამის აღების ბრალდებით გამოძიება დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, რობერტა მეცოლა თავის შეთავაზებებს ევროპარლამენტის ცხრა პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელებთან დღეს დახურულ კარს მიღმა დაგეგმილ შეხვედრაზე წარადგენს.