კორუფციული სკანდალის ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი მომავალ კვირას ევროპარლამენტის პლენარულ სესიაში მონაწილეობას მიიღებს
კორუფციული სკანდალის ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი მომავალ კვირას ევროპარლამენტის პლენარულ სესიაში მონაწილეობას მიიღებს

კორუფციული სკანდალის ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი მომავალ კვირას ევროპარლამენტის პლენარულ სესიაში მონაწილეობას მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაცია „პოლიტიკოს“ კაილის ადვოკატებმა, სვენ მარიმ და მიხალის დიმიტრაკოპულოსმა დაუდასტურეს.

„ბრიუსელის სასამართლო საბჭომ, გამომძიებელი მოსამართლის, მიშელ კლოზესა და ფედერალური მოსამართლის, რაფაელ მალანინის თანხმობით, გადაწყვიტა, უფლება მიეცეს ევა კაილის, სტრასბურგში სამუშაო მოვალეობების შესასრულებლად გაემგზავროს“, – განაცხადეს ადვოკატებმა.

როგორც გამოცემა წერს, მოსამართლეების ნებართვის გარეშე ევროპარლამენტარს ეკრძალება არასამუშაო მიზეზით საფრანგეთის სხვა ადგილების მონახულება.

კაილის ადვოკატის, დიმიტრაკოპულოსის განცხადებით, კაილიმ გასულ კვირას, ევროპარლამენტში თავისი ოფისი მოინახულა.

აპრილის შუა რიცხვებიდან ევროპარლამენტარი შინაპატიმრობაში ელექტრონული სამაჯურით იმყოფებოდა, ხოლო მაისის ბოლოს, ბელგიის პროკურატურის ინფორმაციით, მას მოეხსნა შინაპატიმრობა.

კაილი ერთ-ერთი პირველია იმ ბრალდებულებს შორის, რომელიც, გასული წლის 10 დეკემბერს ე.წ. კატარგეითის საქმის გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა დააკავეს. მას კორუფციაში, ფულის გათეთრებასა და დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობაში სდებდნენ ბრალს. დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი ევროპარლამენტმა კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევროდეპუტატს, ევა კაილის ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილება შეუწყვიტა.