მღვიმეებში მრავალი დაავადება იმალება - რატომ არიან ტაილანდელი ბიჭები კარანტინში
12 ბიჭი და მათი ფეხბურთის მწვრთნელი, რომლებმაც ტაილანდის თამ-ლუანგ-ნანგ-ნონის მღვიმის სისტემაში ორ კვირაზე მეტი გაატარეს, გუშინ უსაფრთხოდ გამოიყვანეს, მაგრამ მათი რთული ისტორია ამით არ დასრულებულა.
ტაილანდის ოფიციალურ პირთა განცხადებით, ერთი კვირის განმავლობაში, ბიჭებს კვლევებს ჰოსპიტალში, სრულ იზოლაციაში ჩაუტარებენ. ბავშვებს შეზღუდული აქვთ გარკვეული საკვების მიღება და ატარებენ სათვალეებს, რათა წყვდიადში გატარებული დიდი დროის შემდეგ, თავიდან აიცილონ მხედველობის დაზიანება.
გარდა ამისა, ექიმები შიშობენ, რომ ბიჭებს შესაძლოა, გადადებული ჰქონდეთ სხვადასხვა ინფექცია. მათ შორის არის დაავადებები, რომლებსაც ატარებენ ღამურები, „მღვიმის დაავადების“ სახელით ცნობილი სოკოვანი ინფექცია. ასევე სავარაუდოა ბაქტერიული დაავადება ლეპტოსპიროზი, რომელიც წყლით გადაეცემა. სულ მცირე ორ ბიჭს აღენიშნება პნევმონია.
გარდა ამისა, ინფექციის შეჭრა შეიძლება გამოეწვია ნებისმიერ ნაფხაჭნსა თუ ნაკაწრს მაშინ, როცა ბიჭები გარეთ გამოსაყვანად საკმაოდ დიდხანს ატარეს მღვიმის წყალში.
როგორც Reuters-ს გადარჩენის ოპერაციაში მონაწილე ანონიმურმა ექიმმა აცნობა, მათ ყველაზე მეტად ინფექციების ეშინიათ. მისი თქმით, მღვიმეებში თითქმის ყველა სახის დაავადება იმალება. ინფექციებს იქ ძირითადად ღამურები და ბინძური წყალი ავრცელებს.
მღვიმეებში დამალული დაავადებები
გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭებს მღვიმეში ველური ბუნების არანაირი წარმომადგენელი არ უნახავთ, რაც შეიძლება, კარგი ნიშანი იყოს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იქ მართლაც არაფერი იყო.
ღამურები ხშირად გარკვეულ დაავადებებს ატარებენ, რომლებიც შეიძლება ადამიანებს გადაედოს და საკმაოდ სერიოზული გართულებებიც გამოიწვიოს. მათ შორის არის როგორც ცოფი, ისე ნაკლებად ცნობილი ნიპაჰის ვირუსი, რომელსაც შეუძლია პანდემიური გახდეს და მით უმეტეს, ამ დაავადებების შემთხვევები ტაილანდში დაფიქსირებულია.
თუმცა, ნიპაჰის ვირუსი უიშვიათესია. ზოონოზური, ანუ ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების ექსპერტთა თქმით, ღამურები მღვიმეში ისე შორს არ უნდა შედიოდნენ, სადაც ბიჭები იყვნენ.
მაგრამ მაინც შესაძლებელია, რომ ნიადაგში ყოფილიყო ჰისტოპლაზმოზის, ანუ „მღვიმის დაავადების“ გამომწვევი სპორები. ამ სპორებს ხშირად პოულობენ ფრინველებისა და ღამურების ფეკალიებში, საიდანაც ნიადაგში ხვდებიან და იქ კვირობით ან თვეობით რჩებიან. ასეთ მიწაზე ზემოქმედების (სიარული, მოთხრა) შემდეგ, სპორები შეიძლება, ჰაერში ამოვიდეს და ადამიანმა შეისუნთქოს.
მღვიმეებში გავრცელებული კიდევ ერთი ბაქტერიული ინფექციაა ლეპტოსპიროზი, რომელსაც შეუძლია თირკმლის დაზიანება და მენინგიტის გამოწვევაც კი. ეს ბაქტერია ცხოველის შარდით ვრცელდება და შესაძლებელია ყოფილიყო იმ წყალში, რომელშიც მღვიმიდან გამოყვანის დროს ბიჭები გამოატარეს.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, სერიოზული ავადმყოფობის შეყრის რისკი ადამიანში განსაკუთრებით მაშინ იზრდება, როცა იმუნური სისტემა დასუსტებულია. მღვიმეში გამომწყვდეული ბიჭების ორგანიზმი კი სწორედ ასეთ მდგომარეობაში იყო.
ექიმები დააკვირდებიან ბავშვების მენტალურ ჯანმრთელობასაც, რადგან მათ მიღებული აქვთ სერიოზული სტრესი, რასაც არაერთი აშლილობის გამოწვევა შეუძლია.
პირველადი შეფასებით, ბიჭების ფსიქოლოგიური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადარჩენის მოლოდინში, მწვრთნელი ბავშვებს მედიტაციას უტარებდა, რამაც შესაძლოა, ბიჭებს შედარებით ადვილად გადაატანინა საშინელი სიტუაცია.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.