მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ მეწარმეებს საავანსო გადასახადები გაუუქმდებათ, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მამუკა ბახტაძემ მთავრობის საგადასახადო ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც 500 000-მდე ლარის ბრუნვის მქონე მეწარმეებისთვის გადასახადის შემცირებას ითვალისწინებს.
მისი თქმით, ხვალიდან აღნიშნული ინიციატივის შესახებ მეწარმეებთან შეხვედრები დაიწყება.
„ჩვენ უკვე ერთი კვირის წინ დავაანონსეთ რეფორმების ახალი ტალღის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური საგადასახადო ინიციატივა, რომელიც შეეხება 120 000 მეწარმეს, რომლის მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას და მთლიან ეკონომიკაში გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის წილი. ჩვენ, როგორც პრემიერმა განაცხადა, ვაპირებთ ძალიან აქტიური გრაფიკით ვიმუშაოთ მცირე და საშუალო მეწარმეებთან, რომ უკეთესად მოვახდინოთ მათი ინფორმირება, მივიღოთ უკუკავშირი, თუ როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო დავხვეწოთ აღმიშნული ინიციატივა და ჩვენ ხვალ დილის 11:00 საათიდან ვიწყებთ უკვე ფართო შეხვედრებს და შემდეგ გადავინაცვლებთ რეგიონებშიც“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, მნიშვნელოვნად გამარტივდება საგადასახადო ადმინისტრირება და მაქსიმალურად შეღავათიან რეჟიმზე მოხდება გადასვლა.
„მინდა შეგახსენოთ ყველას, აღნიშნული რეფორმის ძირითადი პრინციპები – პირველი არის, რომ ჩვენ ხუთჯერ ვამცირებთ გადასახადს. დღეს არსებული რეჟიმი ითვალისწინებს 5%-იან გადასახადს ბრუნვიდან და ეს ნიშნული ჩამოგვყავს 1%-მდე. ამასთან ერთად, ვზრდით თანხის მოცულობას 100 000-დან 500 000-მდე და შესაბამისად ყველა ინდივიდუალური მეწარმე, რომლის შემოსავალიც წლიურად არ იქნება 500 000 ლარზე მეტი, შეძლებს, ისარგებლოს შეღავათიანი რეჟიმით. აქვე მინდა განვმარტო, რომ ეს შეეხება ინდმეწარმეების თითქმის 100 პროცენტს. ამასთან ერთად, მნიშვნელოვნად ვამარტივებთ საგადასახადო ადმინისტრირებას. ფაქტობრივად, დამატებითი ბუღალტერიის წარმოება გაუუქმდებათ ჩვენს მეწარმეებს. ასევე მნიშვნელოვანი ცვლილება არის, რომ საავანსო გადასახადები გაუუქმდება. დღეს არსებული პრაქტიკა ითვალისწინებს წინასწარ გადასახადების გადახდას. აქაც ჩვენ მაქსიმალურად შეღავათიან რეჟიმზე გადავდივართ, აღნიშნულ პრაქტიკას გავაუქმებთ და თვის ბოლოს ექნებათ მეწარმეებს გადასახდელი გადასახადი“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.