მეუფე სტეფანე აცხადებს, რომ ნინოწმინდის პანსიონის საკითხთან დაკავშირებით სინოდის სხდომა დაგეგმილი არ არის
მეუფე სტეფანე აცხადებს, რომ ნინოწმინდის პანსიონის საკითხთან დაკავშირებით სინოდის სხდომა დაგეგმილი არ არის

მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა მარტვილის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა აღავლინა. წირვის შემდეგ მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მეუფე სტეფანეს განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში არსებული ვითარების შესახებ, ჯერჯერობით, წმინდა სინოდის სხდომის ჩანიშვნა დაგეგმილი არაა, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, წმინდა სინოდმა საკითხი განიხილოს.

„სინოდის დანიშვნის საკითხი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით წყდება. ჯერჯერობით, ასეთი კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის მიღებული. სინოდის სხდომა უნდა იყოს ზოგადად, არა მხოლოდ ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს საკითხი სასინოდო არ არის. სინოდმა რა უნდა გააკეთოს, ჯერ უნდა გავარკვიოთ, რა ხდება, ფაქტობრივი მასალა, შემდეგ შევხედოთ, თუ საჭიროა, სინოდზეც იქნება, თუ არ არის საჭირო – არ იქნება, წინასწარ ვერ ვიტყვი, რამდენად მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, რომ სინოდზე განვიხილით“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

რაც შეეხება სახალხო დამცველის პანსიონში შეშვების საკითხს, მეუფე სტეფანე განმარტავს, რომ ნინო ლომჯარიამ საპატრიარქოს უნდა მიმართოს.

ამასთან, მეუფე სტეფანე მიიჩნევს, რომ ეკლესიის დისკრედიტაცია მიმდინარეობს.

„გეგმაზომიერად მიდის ეკლესიის დისკრედიტაცია. ეს ერთ-ერთი ნაწილია ამ დისკრედიტაციის“, – აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

მეუფე სტეფანეს თქმით, მისთვის უცნობია, ნინოწმინდის პანსიონში რაიმე შესაძლო დანაშაულის შესახებ.

„დანაშაულის ნიშნებზე საუბრობენ, მაგრამ არის თუ არა, არ ვიცი, არ არის ზუსტი ინფორმაცია, ზოგადად ვუყურებ სიტუაციას“, – ამბობს მეუფე სტეფანე.

გარდა ამისა, მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა მეუფე სპირიდონს „მართალი და წესიერი ადამიანი“ უწოდა.