ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება
ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, „იუნისეფისა“ და „ვორლდ ვიჟენის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, საუბარი ეხებოდა ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე პროცესებს და იმას, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან.

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება.

ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, გაგრძელდება თანამშრომლობა, რათა ბავშვთა სახლები, რომლებიც შემდეგში იქნება ნინოწმინდაში, საერთაშორისო მოთხოვნებს შეესაბამებოდეს.

„დღევანდელ შეხვედრაზე შეფასდა განვლილი პერიოდი მას შემდეგ, რაც მეუფე იაკობი ბავშვთა სახლის ხელმძღვანელად დაინიშნა. ორივე მხრიდან იქნა გამოთქმული კმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიდის პროცესი. საუბარი იყო შემდგომ ნაბიჯებზე, უნდა მოხდეს დეინსტიტუტიზაცია, ბავშვები, უპირველესად, უნდა დაბრუნდნენ ბიოლოგიურ ოჯახებში. შემდგომში, თუ ეს არ მოხერხდა – ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლებში, უკვე ბოლო არჩევანი იქნება მცირე ზომის ბავშვთა სახლები. სწორედ მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება ნინოწმინდაში, ახალი ბავშვთა სახლების ფორმირებაში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა ყველა აქ დამსწრე ორგანიზაციის წარმომადგენელმა. შემდგომში გაგრძელდება თანამშრომლობა, რათა ბავშვთა სახლები, რომლებიც შემდეგში იქნება ნინოწმინდაში, იყოს იმ სახის და ისეთი სტანდარტის, როგორსაც გულისხმობს საერთაშორისო მოთხოვნები.

პროცესი მიმდინარეობს ახლა, არ არის საუბარი დახურვაზე და რაღაც ვადებზე. პირიქით, საუბარი იყო იმაზე, რომ არაფრით არ შეიძლება ამ პროცესების ხელოვნურად დაჩქარება, რომ ბუნებრივად უნდა მიმდინარეობდეს ეს, არავინ არავის არ დააძალებს სადმე წასვლას ან უკან დაბრუნებას.

გაცილებით უფრო ფართო იყო დისკუსია და საუბარი ეხებოდა ბევრ კომპონენტს, რაც შეიძლება იგულისხმებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის და არა რაღაცა ვადებზე, დახურვასა და არდახურვაზე. ერთგვარად შეფასდა წინა შეხვედარზე რაც ითქვა, თუ როგორ წარიმართა იმის შემდეგ პროცესები. ითქვა ისიც, რომ ახალი ხელმძღვანელობა, მეუფე იაკობი ძალიან ეფექტურად შეუდგა საქმეს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

დატოვე კომენტარი