მეუფე სპირიდონის მხარდამჭერები სახალხო დამცველის ოფისთან აქციას მართავენ
მეუფე სპირიდონის მხარდამჭერები ამ წუთებში სახალხო დამცველის ოფისთან აქციას მართავენ.
ადგილზე შეკრებილი არიან სასულიერო პირები და მოქალაქეები, რომლებიც ნინო ლომჯარიასთან შეხვედრას ითხოვენ. მათი განცხადებით, ეკლესიის დისკრედიტაცია მიმდინარეობს.
ამასთან, „ალტ ინფოს“ დამფუძნებლის თქმით, ნინო ლომჯარია წლებია, საპატრიარქოს ებრძვის.
„სახალხო დამცველის ოფისთან ვიწყებთ იმის გაპროტესტებას, რასაც აშავებს ეს ადამიანი. ადამიანი, რომელიც წლებია, ებრძვის საპატრიარქოს, რელიგიას და ყველაფერ იმას, რითაც ჩვენ, ქართველი ხალხი ვამაყობთ. აქ შეკრების მიზანია მათ შორის მეუფე სპირიდონის მხარდაჭერა, ჩვენი დედაეკლესიის მხარდაჭერა. ჩვენ, დღეის ამას იქით, მივალთ ყველგან, სადაც ესენი რამეს დაგეგმავენ“, – აღნიშნა „ალტ ინფოს“ დამფუძნებელმა კონსტანტინე მორგოშიამ.
მანამდე, აქციის მონაწილეები მარჯანიშვილის მეტროსთან იყვნენ შეკრებილი.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალათ ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები შშმ ბავშვების სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაყვანა.
გარდა ამისა, როგორც „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ, ანა არგანაშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას მხოლოდ შშმ ბავშვების უფლებების დაცვა შეუძლია სპეციალური მოსარჩელის სტატუსით, სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ პანსიონში საფრთხე ეხება იქ მცხოვრებ ყველა ბავშვს.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი ამ დროისთვის 20-მა ბენეფიციარმა დატოვა, მათ შორის შვიდი შშმ პირია. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება პანსიონის ხელმძღვანელი მეუფე სპირიდონი. ამასთან, საპატრიარქოში აცხადებენ, რომ გაასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანის პროცესს ეხება.