მეუფე გრიგოლი - თუ ვინმემ ამოიღო მსოფლიო პატრიარქი ლოცვებიდან, ეს მათი პრობლემაა
თუ ვინმემ ამოიღო მსოფლიო პატრიარქი ლოცვებიდან, ეს მათი პრობლემაა, – ასე შეაფასა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა რუსეთის პატრიარქის კირილის მიერ მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის ლოცვებში მოხსენიების შეწყვეტა.
„თუ ვინმემ ამოიღო მსოფლიო პატრიარქი ლოცვებიდან, ეს მათი პრობლემაა. ჩვენ ვიცით, რომ მტრებისთვისაც უნდა ვილოცოთ, მით უმეტეს პატრიარქებისთვის“,- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.
ამასთან, იყო თუ არა „ციანიდის საქმე“ პატრიარქის წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან მიმართული, მეუფე გრიგოლი აცხადებს, რომ ამის შესახებ საკუთარი შეხედულება არაერთხელ დააფიქსირა.
„ამის ირგვლივ ჩემი აზრი გამოთქმული მაქვს მოვლენის მიმართ, ფაქტის მიმართ, ამიტომ მეტ კომენტარს ვეღარ გავაკეთებ. რაც შეეხება პერსონებზე, ადრეც ვთქვი, რომ პერსონებზე კომენტარის გაკეთება უხერხულად მიმაჩნია“, – აღნიშნა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა.
მეუფე გრიგოლმა 1921 წელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს თავისუფლება ყოველთვის განსაცდელშია.
„ჩვენ თითოეულ სულიერ ძმას, დედებს ვთხოვთ, მეტი ადგილი დაუთმონ ჩვენს შეგნებაში იმ ადამიანთა ხსოვნას, ვინც საქართველოს იცავდა 1921 წელს თბილისის მისადგომებთან და სხვადასხვა ბრძოლებში საუკუნეთა განმავლობაში, რადგან ყოველი ადამიანი და მით უმეტეს ყოველი ქვეყანა, არის გარკვეულ სამიზნედ ამოღებული ვიღაცის მიერ. საქართველოს თავისუფლება, რომ ყოველთვის განსაცდელშია, მგონი ამას დიდი განმარტება არ სჭირდება, ამიტომ მუდმივი სიფხიზლეა საჭირო, რამე რომ არ გამოგვეპაროს,“- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.