მეუფე გრიგოლი - ჩანაწერებთან დაკავშირებით მთავარი კითხვაა, ვინ იყო ამით დაინტერესებული, პირველ რიგში, შესაბამისმა სამსახურმა უნდა გაარკვიოს, ვინ მოიმოქმედა ეს ძალიან დიდი ბოროტება
მეუფე გრიგოლი - ჩანაწერებთან დაკავშირებით მთავარი კითხვაა, ვინ იყო ამით დაინტერესებული, პირველ რიგში, შესაბამისმა სამსახურმა უნდა გაარკვიოს, ვინ მოიმოქმედა ეს ძალიან დიდი ბოროტება

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მედიასთან გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ისაუბრა.

მეუფე გრიგოლის თქმით, ახლა მთავარი კითხვაა, ვინ იყო ამ ყველაფრით დაინტერესებული.

მისივე განმარტებით, „პირველ რიგში შესაბამისმა სამსახურმა უნდა გაარკვიოს, ვინ მოიმოქმედა ეს ძალიან დიდი ბოროტება“. ამასთან, მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ ეს სერიოზული გაკვეთილი იქნება სამომავლოდ.

„კი მეღიმება, მაგრამ ეს არ არის ღიმილისა და იუმორის თემა. მე დავიბადე გასულ საუკუნეში, ეს იყო ტოტალიტარული სისტემა, ავტორიტარიზმი. იქ ჩვენ ვიცოდით, რომ ისმინება ყველაფერი და თავისთავად ცხადია, ადამიანები სახლებში, გარკვეულ თემაზე, რომელიც ვიღაცის ინტერესის საგანი შეიძლება, გამხდარიყო, ჩურჩულებდნენ ხოლმე. სამწუხაროდ, მსგავსი რამ დღესაც შეინიშნება. ჩვენ სწორედ ის თაობა ვართ, რომ სამწუხროდ, შეიძლება, ეს არ გაგვიკვირდეს, მაგრამ ყველაზე დიდ პრობლემას ვხედავ იმაში, რომ ადამიანებს უმეტესად აინტრიგებს, ვინ რა თქვა, ვინ რა გააკეთა, ვინ როგორ მოიქცა. ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაგრამ ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ადამიანები იმ საშინელებას, რომ ზოგადად, ტოტალურად, განურჩევლად ყველას უსმენენ. ეს არის ძალიან მძიმე შემთხვევა. მე შემფასებლად ვერ გამოვდგები. ალბათ, ზოგადად შეფასება უნდა მისცეს შესაბამისმა სამსახურმა, მაგრამ შეფასებას ადამიანებიც ვაძლევთ და ყველაზე მძიმე შეფასება ის არის, რომ უნდობლობა იბადება სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია.

როცა ვახსენე საბჭოთა პერიოდი, მაშინ ვიცით, რომ ყველას უსმენდნენ, მაგრამ ასეთი რამეები ნაკლებად კი არა, მგონი, არ ხდებოდა. ანუ, გარკვეულწილად ის სისტემა, რომელიც ჩვენთვის შეიძლება, მიუღებელი იყო, სათავისოდ აკეთებდა ამას. დღეს რაც მოხდა, ვის ინტერესებში შედის, რას ემსახურება, არის მთავარი კითხვა. ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე, რადგან ამან შეიძლება, ადამიანებში გამოიწვიოს უფრო მეტი უნდობლობის, დაპირისპირების გაჩენა. დიდი მკითხაობა არ სჭირდება, რა შეიძლება, ამან მოიტანოს, ამიტომ ეჭვი მეპარება, რომ ჩვენი სახელმწიფოს ჩამონგრევა ვინმე ჩვენგანის ინტერესში იყოს, მაგრამ ვიცით, არის ასეთი ძალები, გარეთაც, შიგნითაც. უშუალოდ ვინ იყო ამით დაინტერესებული და ვინ მოიმოქმედა ეს ძალიან დიდი ბოროტება, ალბათ, პირველ რიგში უნდა გაარკვიოს შესაბამისმა სამსახურმა. იმედი მაქვს, ამ თემებზე პარლამენტში იმსჯელებენ და შესაბამის დასკვნასაც გააცნობენ საზოგადოებას. ვისურვებდი, რომ მსგავსი რამ არ ხდებოდეს. მეორე მომენტია უკვე, მოსმენებს რა მიზანი აქვს, სჩადის თუ არა ვინმე დანაშაულებრივ ქმედებას. ამაზეც კი ჩვენთანაც არსებობს კანონმდებლობა, რომ საჭიროა შესაბამისი ორგანოს, სასამართლოს ნებართვა და თუ ჩვენი სასამართლო განიხილავს ჩვენს ყველა მოქალაქეს პოტენციურ დამნაშავედ, ესეიგი, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. იმედი მაქვს, უკეთეს შემთხვევაში, ეს ჩვენთვის სერიოზული გაკვეთილი იქნება სამომავლოდ, რა თქმა უნდა, თუ გადავიტანეთ ეს ყველაფერი სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი ზემოქმედების გარეშე“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.