მეუფე გრიგოლი - როგორ შეიძლება, მეუფის კურთხევა იყოს მოწოდება, რომ ადამიანმა კანონი დაარღვიოს
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მედიასთან სხვადასხვა საკითხზე კომენტარი გააკეთა. მეუფე გრიგოლმა სააღდგომო ლიტურგიაზე ისაუბრა და მრევლს კანონის დაცვისაკენ მოუწოდა.
„ეს მდგომარეობა ჩვენთვის, როგორც ალბათ ყველასთვის მძიმე არის და ძალიან ძნელია ამაზე ადამიანმა ზედაპირულად ისაუბროს. ბუნებრივია, როდესაც განსაცდელის ჟამს ადამიანი ღმერთთან ეძებს თავშესაფარს და ყველა სხვადასხვანაირად განიცდის ღმერთის არსებობას. რა თქმა უნდა, აი ეს შეზღუდვა ძალიან არასასიამოვნოა, რთულია, საერთოდ ძალიან მტკივნეულია ცრემლის გარეშე უყურებდე დაცარიელებულ ტაძრებს“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
მიტროპოლიტმა აღდგომის მეორე დღეს, საფლავებზე გასვლის ტრადიციაზეც ისაუბრა.
„საერთოდ, სხვადახვა ეკლესიებში არსებობს განსხვავებული ტრადიციები, ბუნებრივია და ახლა ეს ტრადიცია ჩვენში ათეიზმის პერიოდიდან მომდინარეობს, გახსოვთ ადრე კვირა დღეს გადიოდნენ საფლავებზე. შემდეგ ვისწავლეთ, რომ კვირა დღეს არ არის საჭირო, თუმცა კვირა დღესაც გადის ნაწილი. კვირა აღდგომის დღე არის და ეს ზეიმი აღემატება აბსოლუტურად ყველა დღესასწაულს. ახლა ვისწავლეთ, რომ ორშაბათს გავდივართ ხოლმე, სახელმწიფომ ეს დღე უქმედ გამოაცხადა, ჩვენთან ეს ტრადიცია არის, სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებში განსხვავებულია ტრადიციაა. ეს უკვე ადამიანებზეა დამოკიდებული როგორ აცნობიერებენ იმას, რასაც ეკლესია ითხოვს. არიან ქრისტიანებში ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ღვთის სჯულის მიხედვით იცხოვრონ და არიან კიდე თვითსჯული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ აქეთ გვასწავლიან რა გავაკეთოთ. ასეთი ადამიანები თანაგრძნობას იმსახურებენ“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.
მეუფე გრიგოლმა მრევლს კანონის დაცვისკენ მოუწოდა.
„როგორ შეიძლება, რომ მეუფის კურთხევა იყოს მოწოდება, რომ ადამიანმა კანონი დაარღვიოს, ეს უკვე თითოეული ადამიანის გადასაწყვეტია. ჩვენ არ ვართ ამ სახელმწიფოში აღმასრულებელი ორგანო. იესო ქრისტე ამბობს, რომ მეუფება ჩვენი არა ამსოფლიური არს და ამ სოფელში კეისრის ხელისუფლება არის და თითოეული ადამიანის გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევა. მე პირადად ვერ მოვუწოდებ კანონის დარღვევისკენ, თუ ეს კანონი არანაირად არ ეხება მიზანდასახულად ღმერთის წინაშე გალაშქრებას“, – განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა.
ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის დაგეგმილია შეხვედრა და დაესწრება თუ არა მას მეუფე გრიგოლი, მიტროპოლიტმა უპასუხა, რომ მსგავსი ხასიათის შეხვედრა არ იგეგმება.
„მე ვიცი, რომ არანაირი შეხვედრა არ მიმდინარეობს, თუ რაიმე სახის კონსულტაციები მიმდინარეობს, შეხვედრების გარეშე, ისე ვირტუალურად, ვერ გეტყვით“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.