მეუფე გრიგოლი - რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პატრიარქი მეუფე პეტრეს მიმართ რადიკალური ზომების მიღების წინააღმდეგია
რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა, კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე პეტრეს მიმართ რადიკალური ზომების მიღების წინააღმდეგია, მაგრამ არსებობს სხვა აზრიც და იმედი მაქვს, ჯერჯერობით პატრიარქი იმდენად მყარად დგას, რომ შეუძლია თავისი პოზიცია დაიცვას. მე მის პოზიციას ვიზიარებ, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საკათედრო ტაძარში გვიან ღამით სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი შეფასებით, არსებული სიტუაცია შეიძლება, კიდევ უფრო გამძაფრდეს. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა ეკლესიის წიაღში უნდა მოხდეს.
„ასეთი დაპირისპირებებით რომ პრობლემები არ წყდება, მოგეხსენებათ. პრობლემები შეიძლება, კიდევ გამძაფრდეს და კიდევ უფრო მწვავე ხასიათი მიიღოს. იმედი მაქვს და მჯერა, იქ მოხდება ამ საკითხებზე მსჯელობა და ჩაწყნარება, სადაც რეალურად უნდა მოინახოს ამისი გზები. ქუჩაში ეს არ ხდება, ეს უნდა მოხდეს ეკლესიის წიაღში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა, კათოლიკოს- პატრიარქი პრინციპულად წინააღმდეგია მეუფე პეტრეს მიმართ რადიკალური ზომების მიღებისა, მაგრამ არსებობს სხვა აზრიც და იმედი მაქვს, ჯერჯერობით პატრიარქი იმდენად მყარად დგას, რომ შეუძლია თავისი პოზიცია დაიცვას. მე ვიზიარებ კათოლიკოს-პატრიარქის პოზიციას ამ მხრივ“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა .
კითხვაზე, უნდა ჩაერიოს თუ არა საპატრიარქო, მიტროპოლიტმა აღნიშნა: „ჩარეული არ არის, აბა რა არის?“.
მეფე გრიგოლის თქმით, ის, რაც ჭყონდიდის ეპარქიაში ხდება, მთელი ერის წუხილია.
„სამწუხაროა ის, რაც მოხდა და კარგი იქნებოდა, არ მომხდარიყო. ეს ჩემი კი არა, მთელი საქართველოს წუხილია. ვისურვებდი, რომ ასეთი რამ ნაკლებად იყოს, ან საერთოდ არ იყოს. მეტი ურთიერთგაგება იყოს ჩვენს ადამიანებს შორის, ქრისტიანებს შორის“, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.