მეუფე გრიგოლი - ასეთი გამორჩეული დღეები მოწმობს, რომ ამ ქვეყანას გადაშენება არ უწერია, ჩვენი გადარჩენა უფალში, ერთმანეთის სიყვარულსა და პატივისცემაშია
მეუფე გრიგოლი - ასეთი გამორჩეული დღეები მოწმობს, რომ ამ ქვეყანას გადაშენება არ უწერია, ჩვენი გადარჩენა უფალში, ერთმანეთის სიყვარულსა და პატივისცემაშია

ასეთი გამორჩეული დღეები მოწმობს, რომ ამ ქვეყანას გადაშენება არ უწერია, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენი გადარჩენა უფალში, ერთმანეთის სიყვარულსა და პატივისცემაშია.

„ისევ ბრძოლა და ისევ ერთმანეთის თვალებში ჩახედვა გვჭირდება ჩვენ, ღმერთმა გაგახაროთ. ასეთი გამორჩეული დღეები მოწმობს, რომ ამ ქვეყანას გადაშენება არ უწერია, ქართველ ერს გადაშენება არ უწერია, ვიდრე ჩვენს გულში არის ღმერთი. მხოლოდ გვჭირდება, რომ უკეთესად გავიცნოთ ჩვენი თავი, უკეთესად გავიცნოთ უფალი და ჩვენი დამმარცხებელი არაკაცი არ იქნება და ვერაკაცი ვერ იქნება. ჩვენი გადარჩენა უფალშია, ჩვენი გადარჩენა ერთმანეთის სიყვარულსა და პატივისცემაშია. ბოროტება ბოროტებას შობს, უხეშობა უხეშობას ბადებს და სიყვარული სიყვარულს ამრავლებს“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

კითხვაზე, – „არსებობს თუ არა საქარათველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხე?“ – მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ „ასეთი საფრთხე ყოველთვის იქნება, თუ დაგვავიწყდება ჩვენი პასუხისმგებლობა, თუ სახმართმოყვარება ქვეყნის სიყვარულსა და სამშობლოსთვის თავდადებაზე მაღლა დადგება“.

„იმედი მაქვს, ჩვენთვის წარუშლელად იქნება 9 აპრილიც და ბევრი ის დღეები, რომლებმაც, მიუხედავად მსხვერპლისა, მიუხედავად დამარცხებებისა, იმ სირთულეებისა, რაც ყოფილა, დღემდე მოგვიყვანა. ამისი ხსოვნა ჩვენ გვაძლიერებს“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.