მეუფე დიმიტრი - ერთ-ერთი საპატრიარქო და ეკლესიაა, ვისაც დეკანოზ მამალაძის გათავისუფლება სურს, ოდესღაც ხომ უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი
ერთ-ერთი საპატრიარქო და ეკლესიაა, ვისაც დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლება სურს, რადგან ოდესღაც უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი, – ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ განაცხადა, რომელმაც აბსურდი და ცილისწამება უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პრეზიდენტსა და პატრიარქს შორის შეწყალების შესახებ შეთანხმებას ჰქონდა ადგილი.
მეუფე დიმიტრიმ გიორგი მამალაძის გახმაურებული წერილიც გაიხსენა და დეკანოზი შანტაჟში დაადანაშაულა.
მეუფე დიმიტრის განცხადებით, მამალაძის ციხეში ყოფნის გახანგრძლივებაში დიდი როლი აქვს პეტრე ცაავას.
„მოლოდინი მქონდა, რომ გათავისუფლდებოდა, რადგან სინოდმა მივიღეთ გადაწყვეტილება და მივმართეთ შუამდგომლობით. ის, რომ მისი ძმა გამოვიდა და იძახდა რაღაც დიალოგზე პრეზიდენტთან – ეს სრული აბსურდია. ამ ადამიანს ახასიათებს ქოსატყუილობა. პატრიარქი პირისპირ მას არ შეხვედრია. შეხვდა ასობით ადამიანის თანდასწრებით და ამ თემაზე არ ყოფილა არანაირი საუბარი. მე ვიცი პატრიარქის განწყობა, რადგან ბოლო სინოდის წინა დღეს პირადად მესაუბრა და მისი ინიციატივა იყო, რომ შეგვეწყალებინა. თქვა, რომ ეს ცოდვის ორომტრიალი უნდა დასრულდეს. მეორე დღეს დააყენა საკითხი სინოდზე შეწყალების შესახებ. რა მოხდა, არ ვიცი. პრეზიდენტმა თქვა, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს თავზეო. მარგველაშვილსაც მივმართე თხოვნით ორჯერ, როცა ის პრეზიდენტი იყო. მაძლევდნენ პირობას, რომ შეიწყალებდნენ. მაშინაც ვერ მოხერხდა. ვისაც დეკანოზ მამალაძის გათავისუფლება სურს, ერთ-ერთი საპატრიარქო და ეკლესიაა, რადგან ოდესღაც ხომ უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი.
მოვისმინე პრეზიდენტის არგუმენტებიც. მეუცნაურა პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფაზე საუბარი, თუმცა ეს იმით გავამართლე, რომ ამ ხნის განმავლობაში მორალური ტერორი იყო დეკანოზ მამალაძისგან, ჭყონდიდელყოფილისგან პატრიარქთან მიმართებაში ყოველთვის,“- განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საშობაოდ ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულთა შორის ვერ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე.