სალომე ზურაბიშვილი - ამ ქვეყანაში არ არსებობენ ადამიანები, რომლებზეც ვრცელდება შეწყალების ცალკე რეგულაციები
სალომე ზურაბიშვილი - ამ ქვეყანაში არ არსებობენ ადამიანები, რომლებზეც ვრცელდება შეწყალების ცალკე რეგულაციები

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მსჯავრდებულთა შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა და ამასთან, პროცედურები ხორციელდება იმ წესებისა და რეგულაციების შესაბამისად, რომლებიც დამტკიცებულია. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას შესაძლო შეწყალების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.

„რაც შეეხება შეწყალების თემას, შეწყალება ექვემდებარება წესებს, რომელიც მიღებული იქნა ამ წელს. რა მოთხოვნაც შემოვა, ეს იქნება განხილული ამ წესების მიხედვით. ყველა მოთხოვნას მივიღებ, ვნახავ, წავიკითხავ, გავეცნობი. რადგან ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, რომ შეწყალება უნდა შედგეს, თუ მე ჩავთვლი, იქნება მიღებული შეწყალების აქტი. არ არსებობენ ამ ქვეყანაში ცალკე ადამიანები, რომლებზეც ვრცელდება ცალკე რეგულაციები. ყველა მოქალაქისთვის არის იგივე რეგულაცია და ყველა მოქალაქემ ძალიან კარგად იცის, როგორ მიმართოს პრეზიდენტს“, – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება გუშინ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ამ შეთანხმებას მიესალმება.

„მინდა, პირადად და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, მადლობა გადავუხადო საერთაშორისო თანამეგობრობას და იმ ელჩებს, რომლებიც იმყოფებიან ჩვენს ტერიტორიაზე და რომელთაც ძალიან დიდი როლი ითამაშეს, დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ მიღწეული იქნა ეს შეთანხმება. ასევე, ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მონაწილეობდა ამ დისკუსიებში. ვფიქრობ, ეს არის მართლაც, როგორც გუშინ განვაცხადე, საზოგადოების გამარჯვება, ქვეყნის გამარჯვება, ქვეყნის დემოკრატიისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ უკან არ გადაგვიდგამს არც ერთი ნაბიჯი, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც, ვფიქრობ, ყველასთვის არის სასიხარულო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილი.

გუშინ მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ. საქართველოში აშშ-ის საელჩომ შეთანხმების ტექსტიც გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება. მასში როგორც საარჩევნო მოდელზე, ასევე მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებზეა საუბარი.