მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ დაკვამლიანებაა, რის გამოც მოძრაობა დროებით შეფერხებულია
მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ დაკვამლიანებაა, რის გამოც მოძრაობა დროებით შეფერხებულია.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაკვალიანება ვესტიბიულის ტექნიკურ ოთახში მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
„ვესტიბიულის ტექნიკურ ოთახში მოხდა მოკლე ჩართვა, რამაც გამოიწვია დაკვამლიანება. დაშავებული არავინაა, მგზავრები ამოყვანილები არიან, მოძრაობა დროებით შეჩერებულია.
ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს პერიმეტრის გადამოწმება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ამასთან, როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს, საბურთალოს ხაზის ქვესადგურში დაზიანდა ელექტროაგრეგატი, რამაც გამოიწვია დაკვამლიანება.
მათივე ინფორმაციით, საბურთალოს ხაზი 18:53 საათზე დროებით დაიკეტა.
„ადგილზე გასულია ტექნიკური ჯგუფი და მოძრაობის აღდგენა უახლოეს მომავალში მოხდება“, – აცხადებენ თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში.