მეშახტეებმა შახტის დირექტორის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა დაასახელეს
ტყიბულში მეშახტეები „საქნახშირის“ გენერალურ დირექტორს ჯამბულ ჯაყელს შეხვდნენ. მეშახტეებმა მას შახტის დირექტორის თანამდებობაზე ელდარ ჩაფიძის კანდიდატურა დაუსახელეს.
ელდარ ჩაფიძეს ამ დროისთვის წარმოების დირექტორის მოადგილის თანამდებობა უკავია.
მათივე თქმით, ჯამბულ ჯაყელისგან მიიღეს დაპირება, რომ შახტში საწარმოო პროცესის აღდგენის შემდეგ იგი თანამდებობას დატოვებს.
მეშახტეების განცხადებით, ამ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებით, საპროტესტო აქციებს შეწყვეტენ და კომპანიასთან მოლაპარაკებების რეჟიმზე გადავლენ.
მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას 16 ივლისს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება მინდელის სახელობის შახტის დახურვის შესახებ. მისი ინფორმაციით, შახტი მუშაობას არ განაახლებს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.