ფეხბურთის ფედერაციამ მსაჯი სეზონის ბოლომდე დასაჯა - „მეშახტეს“ გულშემატკივრები მისთვის ლიცენზიის შეჩერებას ითხოვენ #1TVSPORT
ფეხბურთის ფედერაციამ მსაჯი სეზონის ბოლომდე დასაჯა - „მეშახტეს“ გულშემატკივრები მისთვის ლიცენზიის შეჩერებას ითხოვენ #1TVSPORT

ეროვნული ჩემპიონატის მომსახურე არბიტრს, თემურ კალაძეს სამსაჯო საქმიანობა სეზონის ბოლომდე აეკრძალა – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

საქმე ისაა, რომ 2022 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის 25-ე ტურში, ტყიბულის „მეშახტესა“ და ფოთის „კოლხეთი 1913“-ის შეხვედრაში მთავარი მსაჯის, თემურ კალაძის გადაწყვეტილებებმა ბევრი კითხვა გააჩინა.

ამ გადაწყვეტილებამდე ტყიბულის „მეშახტემაც“ განცხადებასთან ერთად ვიდეოც გაავრცელა და არბიტრის დასჯა მოითხოვა.

„მთავარი მსაჯის, თემურ კალაძის განსაკუთრებულად საეჭვო მოქმედებები გუშინდელ მატჩში – ეჭვი პირველივე წუთებიდან გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სარბენ ბილიკებზე დაინახა კლუბის ერთ-ერთი ვიდეოგადამღები, რის გამოც შეხვედრა გააჩერა და მოითხოვა მისი ტრიბუნაზე ასვლა და პირდაპირ განაცხადა, ფოტოების გადაღებას არავინ უშლის, ვიდეო არ გადაიღოსო! იმის გათვალისწინებით, რომ „მეშახტეს“ Facebook გვერდი ცნობილია ლიგა 3-ში მატჩების დეტალური ანალიზით და ვიდეოკადრებით, მისი ეს მოთხოვნა კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს შემდგომი მოქმედებების განზრახ ჩადენაში. ვითხოვთ, მთავარი არბიტრი სრული სიმკაცრით დაისაჯოს. ლიგა 3-ში მხოლოდ სამი იმერული კლუბია, აქედან „ზესტაფონი“ და საჩხერის „ჩიხურა“ ოფიციალურად გავარდნენ, ტყიბულის „მეშახტე“, რომლისთვისაც ამ შეხვედრაში ერთი ქულაც კი ბევრს ნიშნავდა, მსაჯებმა დაჩაგრეს, მოსაგები თამაში წააგებინეს და გავარდნის საფრთხის წინაშე დააყენეს“, – წერია „მეშახტეს“ განცხადებაში.

ამ დროს, ტყიბულელი გულშემატკივრების ინიციატივით შეიქმნა პეტიცია, რომელშიც არის მიმართვა, რომ ფეხბურთის მსაჯს, თემურ კალაძეს შეუჩერდეს ლიცენზია.

„2022 წლის 27 ოქტომბერს გამართულ, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის 25 ტურში, ტყიბულის „მეშახტესა“ და ფოთის „კოლხეთი 1913“-ის შეხვედრაში მთავარი მსაჯი, თემურ კალაძე გამოირჩეოდა აშკარა მიკერძოებულობით, უსამართლობითა და არაპროფესიონალიზმით, რაც გამოიხატებოდა მასპინძელი გუნდის სასარგებლოდ მისაღები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების უგულვებელყოფაში, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ტყიბულის „მეშახტის“ მარცხი. კლუბის გულშემატკივართა სახელით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მოვითხოვთ თემურ კალაძისთვის სამსაჯო ლიცენზიის შეჩერებას“, – წერია გულშემატკივართა პეტიციაში.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა განყოფილებამ 27 ოქტომბერს გამართული ლიგა 3-ის 25 ტურის მატჩში „მეშახტესა“ და „კოლხეთი 1913“-ს შორის მსაჯთა ბრიგადის მუშაობის შესახებ იმსჯელა. მსაჯთა დამკვირვებლებმა აღნიშნულ მატჩში პირველი კატეგორიის მსაჯის, თეიმურაზ კალაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განიხილეს. მსაჯთა დამკვირვებლების გადაწყვეტილებით, თეიმურაზ კალაძეს სამსაჯო საქმიანობა მიმდინარე წლის სეზონის დასრულებამდე აეკრძალა“, – წერია სფფ-ს განცხადებაში.

კომენტარი გააკეთა მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებლების განყოფილების ხელმძღვანელმა მიხეილ მაზიაშვილმა:

„მსაჯთა საქმიანობისა შეფასება ჩვენი განყოფილების მიერ მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. მსაჯები შეფასებას მათ მიერ კონკრეტულ მატჩში მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით იღებენ. ლიგა 3-ის 25-ე ტურის მატჩში მსაჯთა დამკვირვებლისგან მიღებული დაბალი ნიშნისა და მატჩის განხილვის შემდეგ, მსაჯთა განყოფილების გადაწყვეტილებით, თეიმურაზ კალაძე წლის ბოლომდე დისკვალიფიცირებულია“.