მეშახტეები მოითხოვენ, ხელფასების ანაზღაურების შესახებ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა დოკუმენტურად გაფორმდეს
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტთან მეშახტეები იკრიბებიან.
მეშახტეები აქციას გამართავენ და პრემიერ-მინისტრის ინიციატივის, რომელიც შახტის დახურვის პერიოდში დასაქმებულებისთვის ხელფასების გაცემას გულისხმობს, წერილობითი დოკუმენტის სახით გაფორმებას მოითხოვენ.
კომპანია „საქნახირში“ დასაქმებულები ეჭვობენ, რომ გაცდენილ დღეებს ადმინისტრაცია არ აუნაზღაურებს.
„ვითხოვთ წერილობით დაგვიდასტურონ, რომ ვიდრე გამოძიება დასრულდება და შახტები გაიხსნება, დაპირებულ ხელფასებს ნამდვილად მივიღებთ”, -განაცხადა მეშახტე ზაზა ბედელაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძემ გუშინ განაცხადა, რომ ვიდრე ტყიბულის შახტი დახურული იქნება, შახტში დასაქმებულებს ხელფასი აუნაზღაურდებათ.
როგორც მამუკა ბახტაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიღებულია გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ და შახტი მუშაობას არ განაახლებს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება.
მინდელის შახტში გუშინ ტრაგედია მოხდა. შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.