მერილენდში გაზეთის რედაქციაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
მერილენდის შტატში, გაზეთ Capital Gazette-ს რედაქციაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. ამის შესახებ ან-არანდელის ოლქის პოლიციის უფროსმა განაცხადა. მისივე თქმით, დაშავებულებს შორის რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია.
თავდასხმა ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონთან რამდენიმე ათეული კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ანაპოლისში მოხდა. ადგილობრივი დროით 12:30 საათზე გაზეთ Capital Gazette-ს რედაქციაში სროლის ხმა გაისმა. თვითმხილველების თქმით, უცნობი მამაკაცი მათი მიმართულებით მინის კარიდან ისროდა.
სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედი შემთხვევის ადგილთან ახლოს დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ახლა მისი დაკითხვა მიმდინარეობს. თუმცა, სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი მათთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს.
მომხდარს უკვე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი. დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ის საშუალებით დაღუპულების ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.
გაზეთი Capital Gazette ქვეყანაში ერთ-ერთი უძველესია. მისი პირველი ნომერი 1884 წელს გამოიცა. დღეს ყოველდღიურ გამოცემას რეგიონში 100 000-მდე მკითხველი ჰყავს.