ჩიკაგოში ერთი პირის მიერ განხორციელებული რამდენიმე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ჩიკაგოში ერთი პირის მიერ განხორციელებული რამდენიმე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. თავდამსხმელმა რამდენიმე გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ჩიკაგოს პოლიციის ზედამხედველის განცხადებით, ჩიკაგოში სროლა 32 წლის მამაკაცმა, ჯეისონ ნაიტენგეილმა დაიწყო. ეჭვმიტანილმა მანქანების ავტოსადგომზე 30 წლის მამაკაცს ესროლა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. მოგვიანებით, ის ახლომდებარე საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და შენობის დაცვის თანამშრომელს გაუხსნა ცეცხლი. პოლიციის ინფორმაციით, ქალს ტყვია გულმკერდის არეში მოხვდა და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. იმავე შენობაში ეჭვმიტანილმა 77 მამაკაცსაც ესროლა, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
პოლიციის ინფორმაციით, ცოტა ხნის შემდეგ, ეჭვმიტანილმა ნაცნობ მამაკაცს იარაღის მუქარით მანქანის გასაღები გამოსძალა და მანქანით გაიქცა. რამდენიმე საათში ის ერთ-ერთ მაღაზიაში შეიჭრა და 20 წლის მამაკაცი მოკლა, 81 წლის ქალი კი მძიმედ დაჭრა. მოგვიანებით, ეჭვმიტანილი 15 წლის გოგოს დაესხა თავს, რომელიც მანქანის უკანა სავარძელზე იჯდა. მანქანას მოზარდის დედა მართავდა, რომელიც არ დაშავებულა. დაჭრილი მოზარდი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
მედიის ცნობით, ჯეისონ ნაიტენგეილი მოზარდზე თავდასხმის შემდეგ ისევ მაღაზიაში დაბრუნდა, სადაც შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. პოლიციელებზე თავდასხმის შემდეგ, ეჭვმიტანილი ქალაქ ევანსტონში გაიქცა, სადაც მან ერთ-ერთ რესტორანში მძევლად ქალი აიყვანა და ესროლა. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ევანსტონის პოლიციელებმა ავტოსადგომზე სავარაუდო თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს. ეჭვმიტანილი ადგილზე გარდაიცვალა.
ჩიკაგოს პოლიციის ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. თავდასხმების მოტივი ჯერჯერობით უცნობია.