მერიაში აცხადებენ, რომ „ვარკეთილში“ დაშავებულ დიმიტრი ფაილოძეს დამატებითი ოპერაცია და მედიკამენტები დაუფინანსდება
მერიაში აცხადებენ, რომ „ვარკეთილში“ დაშავებულ დიმიტრი ფაილოძეს დამატებითი ოპერაცია და მედიკამენტები დაუფინანსდება

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებულ დიმიტრი ფაილოძეს, რომელსაც დამატებითი ოპერაცია სჭირდება, თბილისის მერია დაეხმარება,- ამის შესახებ პირველ არხს თბილისის მერიაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ფაილოძის ოჯახის წევრებმა დღეს დილით უკვე მიმართეს სამგორის რაიონის გამგეობას, რომ დაშავებულს ოპერაციასა და რეაბილიტაციისთვის დამატებითი თანხები ესაჭიროებოდა. განაცხადი მერიაში უკვე განიხილეს და მას ფინანსურ დახმარებას გაუწევენ.

თბილისი მთავრობის ინფორმაციით, ფაილოძეს დახმარების თხოვნით მათთვის ამ დრომდე არ მიუმართავს, რის გამოც მისთვის ფულადი დახმარება ვერ მოხდა.

„ვარკეთილის“ მეტროსადგურში ჭერის ჩამოშლის შემდეგ თბილისი მერმა კახი კალაძემ განაცხდა, რომ დაშავებულების მკურნალობას მერია და ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ერთობლივად უზრუნველყოფდა.

ჯანდაცვის სამინისტრო დღეს ინფორმაციას არ გასცემს, ისარგებლა თუ არა დიმიტრი ფაილოძემ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით.

რაც შეეხება საჭირო მედიკამენტის ასანაზღაურებელ თანხას, 1000 ლარის ზემოთ მედიკამენტებს მერია, ხოლო უფრო ნაკლების შემთხვევაში, რაიონის გამგეობა დააფინანსებს.

დიმიტრი ფაილოძეს მარცხენა ფეხზე ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, თუმცა რა თანხები დასჭირდება მას დამატებითი ოპერაციისთვის, თბილისის მერიაში აღნიშნულს ამ დროისთვის ვერ აკონკრეტებენ.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაკიდული ჭერის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.