კახა კალაძე - გვჭირდება მოდელი, რომლითაც შესრულებული სამუშაოების ხარისხი პასუხისმგებელი პირების განსაზღვრით გაკონტროლდება
კახა კალაძე - გვჭირდება მოდელი, რომლითაც შესრულებული სამუშაოების ხარისხი პასუხისმგებელი პირების განსაზღვრით გაკონტროლდება

მუნიციპალური პროექტების ხარისხის თემა მნიშვნელოვანი და მწვავე საკითხია. დღეს არსებული სისტემა და მექანიზმი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ამის ნათელი მაგალითია, როგორც გუშინ ვარკეთილის მეტროში მომხდარი შემთხვევა, ასევე ის კონკრეტული პროექტები, რომლებიც მოვინახულეთ. მაგალითად, მუხიანის სპორტული კომპლექსი, ბაღები და ა.შ. ცხადია, ამ მიმართულებით ცვლილელები გვჭირდება. ამ მიმართულებით სამსახურებს უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა. უბრალოდ მინდა გთხოვოთ, დავაჩქაროთ და 10 დღეში, ორ კვირაში უკვე წარმოადგინოთ სურათი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხი და კონტროლი ეფექტური იყოს. ჩვენ გვჭირდება მოდელი და სისტემა, რომლითაც შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი მიხდება უმაღლეს დონეზე, კონკრეტული პასუხისმგებელი პირების განსაზღვრის გზით. მას შემდეგ, რაც მოხდება მისი მიღება, კითხვის ნიშნები აღარ გაჩნდეს და მომავალში დაზღვეულები ვიყოთ ისეთი შემთხვევებისგან რაც გუშინ მივიღეთ“, – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, გუშინ ვარკეთილის მეტროსადგურში დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და ისინი მკურნალობას განაგრძობენ.

„ყველა მათგანი უკეთ გრძნობს თავს. მინდა, ძალიან მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო თითოეულ მათგანს. მოხარული ვარ, რომ დღეს გაცილებით მძიმე შედეგებზე არ გვიწვევს საუბარი, თუმცა ფაქტი სამწუხაროა და თითოეული ჩვენგანი ველოდებით გამოძიების შედეგებს. მეტროსადგურის მუშაობას რაც შეეხება, დღეს, დილის 06:00 საათიდან ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს და ემსახურება მისახელობას“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, 30 იანვარს, დაახლოებით 10:30 საათზე, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში დაკიდული ჭერის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა. მომხდარის გამო, შეფერხდა მეტროსადგურის მუშაობაც. შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, გამოძიება მიმდინარეობს.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები. მოხდა ჭერის იმ ნაწილის დემონტაჟიც, რომელსაც შესაძლოა, მგზავრებისთვის დამატებითი პრობლემები შეექმნა. დილიდან მეტროსადგური მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.