მერაბ ტურავა - პრეზიდენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 12:00 საათის შემდეგ მოეწერება ხელი, ხოლო ტექსტის სამართლებრივ დეპარტამენტში ექსპერტიზას კიდევ ორი საათი დასჭირდება
მერაბ ტურავა - პრეზიდენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 12:00 საათის შემდეგ მოეწერება ხელი, ხოლო ტექსტის სამართლებრივ დეპარტამენტში ექსპერტიზას კიდევ ორი საათი დასჭირდება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განაცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები დაახლოებით 12:00 საათის შემდეგ მოაწერენ ხელს. ამის შესახებ მერაბ ტურავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების გამოცხადებამდე სასამართლოს რამდენიმე პროცედურა აქვს ჩასატარებელი.

„გადაწყვეტილების გამოცხადების და გამოქვეყნების დღეა 16 ოქტომბერი. ეს დღე შედგება რამდენიმე საათისგან, რაც ნიშნავს, რომ მოსამართლეები შეიკრიბებიან 12:00 საათის შემდეგ, მოაწერენ ხელს გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ დაახლოებით ორი საათი სჭირდება, რომ გამოსაცხადებლად მომზადდეს გადაწყვეტილების ტექსტი. ექსპერტიზა უნდა გაიაროს სამართლებრივ დეპარტამენტში, რომ ტექსტში რაიმე ტექნიკური ხარვეზი არ იყოს, მათ შორის მუხლების მითითება და ასე შემდეგ. დღის განმავლობაში გამოქვეყნდება გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიცი ჩემი და მოსამართლეების პოზიციებიც, კანონდარღვევა იქნება, რომ დოკუმენტის ხელმოწერამდე მე გამოვაცხადო ჩემი პოზიცია.

არსებობს თათბირის საიდუმლოება, რომელიც არავის უნდა გაანდო, ვიდრე მოსამართლეები ხელს არ მოაწერენ გადაწყვეტილებას. შეიძლება, ხელმოწერამდე მოსამართლემ შეცვალოს თავისი პოზიცია. არავის აქვს ჯერ ხელმოწერილი. ხელმოწერა იქნება 12:00 საათის შემდეგ. დღის განმავლობაში ჩვენ ამას დავასრულებთ. არავითარი ზეწოლა არ ყოფილა. ჩვენ არ გვჭირდება არავითარი ზეწოლა, ზეწოლის გარეშეც ვიცით, როგორი და რა გადაწყვეტილებაც უნდა მივიღოთ. მოსამართლეების პოზიცია ჩემთვის, რა თქმა უნდა, ცნობილია. ჩვენ შევიკრიბეთ, ვითათბირეთ. აზრთა სხვადასხვაობა იყო თუ არა, ესეც თათბირის საიდუმლოებაა. ამის უფლებაც არ გვაქვს, ვთქვათ. ვიცით, ერთმანეთის პოზიცია. თათბირის საიდუმლოებას ვერ გავამჟღავნებ. ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც სამართლებრივად დასაბუთებული იქნება. თათბირის საიდუმლოების დარღვევა არის დანაშაული“, – აღნიშნა ტურავამ.

კითხვაზე, ერთსულოვანი იქნება თუ არა გადაწყვეტილება, მერაბ ტურავამ აღნიშნა, რომ „ესეც თათბირის საიდუმლოებაა“.

„თქვენ იცით, რამდენი მოსამართლე რა პოზიციას უჭერს მხარს და ერთსულოვნებაა თუ არ არის ერთსულოვნება, ამის შესახებ გადაწყვეტილების ხელმოწერამდე კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. შესაბამისად, ჩვენ მოსამართლეებმა გავცვალეთ აზრები, ჩამოვაყალიბეთ პოზიციები და შევთანხმდით, რადგან 16 ოქტომბერი იყო ბოლო დღე გადაწყვეტილების გამოცხადებისა კონსტიტუციით გათვალისწინებულ ერთთვიან ვადაში, რადგან ვადას ვერ დავარღვევდით, დოკუმენტი გამზადებულია ხელმოსაწერად და დღეს აუცილებლად ხელი უნდა მოვაწეროთ. შემდეგ ჩვენ გვაქვს დრო, დღის განმავლობაში დასკვნა გავაგზავნოთ საქართველოს პარლამენტში და ავტვირთოთ ჩვენს ვებგვერდზე“, – განაცხადა ტურავამ.

ტურავას განცხადებით, შესაძლოა, ეს საქმე მნიშვნელოვანია, თუმცა სამართლებრივად გადაწყვეტილების მიღება რთული არ ყოფილა.

„ეს იყო ჩვეულებრივი სამართლებრივი დავა. შეიძლება, თავისი მნიშვნელობით დიდი მნიშვნელობისაა, მაგრამ სამართლებრივად გადასაწყვეტად, ჩვენთვის არ იყო განსაკუთრებულ სირთულეებთან დაკავშირებული. როგორიც უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება, ისეთი მივიღეთ“, – აღნიშნა ტურავამ.

კითხვას იმის შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებული მოსმენის შემდეგ მოსამართლეებს დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით მხარეებთან თუ ჰქონიათ რაიმე სახის კომუნიკაცია, ტურავამ განაცხადა, რომ არავისთან ჰქონიათ.

„არა, არავისთან გვქონია. პრეზიდენტის მხარემ ის პოზიცია, რაც სხდომაზე დააფიქსირა, ასევე წერილობით გამოგზავნა და დაერთო საქმის მასალებს. ჩვენ ვთქვით, რომ დამატებითი შეკითხვა თუ გვექნებოდა პრეზიდენტთან და მისი წარმომადგენლები თუ პოზიციას სრულყოფილად ვერ გამოხატავდნენ, ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნებოდა პოზიცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ან ონლაინ ჩართულიყო, ან პროცესზე მოსულიყო, მაგრამ ამის საჭიროება არ დამდგარა დღის წესრიგში“, – აღნიშნა ტურავამ.

ამასთან, მისივე თქმით, „არცერთი იურისტი არ არის ისეთი საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეებს შორის, რომელიც დაუსაბუთებელ დასკვნას ხელს მოაწერს“.

„ჩვენს პოზიციას, რომელიც 50 გვერდს აღემატება, წაიკითხავთ ყველაფერ იმას, რაც უკავშირდება ჩვენი დასკვნის დასაბუთებას. დასკვნა იქნება სამართლებრივად სწორი. ჩვენ არ ვართ უფლებამოსილი არც პოლიტიკურად, არც ემოციურად, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, ვისაც არ უნდა ვუჭერდეთ მხარს. ჩვენი გადაწყვეტილება უნდა იყოს დაფუძნებული მხოლოდ სამართლებრივ არგუმენტებზე, კონსტიტუციის მუხლებზე და მის სწორ ინტერპრეტაციაზე“, – აღნიშნა ტურავამ.