მერაბ ტურავა - კანონმდებლობაში ცვლილების შეტანას სჭირდება კონსენსუსი, დრო, საბოლოო ჯამში, კანონმდებლობაში აისახება რეკომენდაციები, რომლებიც ვენეციის კომისიის დასკვნებშია გათვალისწინებული
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, სასამართლო რეფორმის ფარგლებში კანონმდებლობაში არაერთი ცვლილება განხორციელდა.
მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, კანონმდებლობაში აისახება ყველა რეკომენდაცია, რომლებიც ვენეციის კომისიის მიერ არის გაცემული.
„სასამართლო რეფორმის საკითხებს რაც შეეხება, სარჩელები გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში, ვენეციის კომისიამ მიიღო რამდენიმე დასკვნა, ასევე კანონმდებლობაში არაერთი ცვლილება იქნა შეტანილი. სხვათა შორის, ამ ცვლილებებს როგორც უცხოელები, ასევე ქვეყნის შიგნით დადებითად აფასებენ. ვენეციის კომისიის დასკვნის ყველა დებულება არის თუ არა ასახული ჩვენს კანონმდებლობაში, ამასთან დაკავშირებითაც მოგვიწევს მსჯელობა კანონის ცვლილებებამდე. სარჩელებია ჩვენთან შემოტანილი, რომლებიც განხილვის პროცესშია. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, კანონმდებლობაში აისახება რეკომენდაციები, რომლებიც გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის დასკვნებში“, – განაცხადა მერაბ ტურავამ.
როგორც მერაბ ტურავამ აღნიშნა, კანონმდებლობაში ცვლილების შეტანას გარკვეული დრო და კონსენსუსი სჭირდება.
„ტემპს რაც შეეხება, კანონმდებლობაში ცვლილების შეტანას გარკვეული კონსენსუსი სჭირდება, რისი მიღწევაც არამარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში პრობლემატურია იმდენად, რამდენადაც კანონმდებლობაში ცვლილებები ერთი ადამიანის და ერთი პატარა ჯგუფის მიერ არ მიიღება. კანონმდებლობაში ცვლილებები პოლიტიკური კონსენსუსის შედეგია და გადაწყვეტილებებს იღებს საპარლამენტო უმრავლესობა. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობის ნება თუ არ იქნება, კანონმდებლობა ვერ შეიცვლება. ეს ყოველთვის მოითხოვს გარკვეულ დროს, ენერგიას. ვფიქრობ, დიდი და კარგი ცვლილებები იქნა შეტანილი წლების განმავლობაში. ეს არ არის ჩემი აზრი, უცხოელი ექსპერტების, ქვეყნის შიგნით ექსპერტების აზრიცაა. დამატებით რაიმე ცვლილება თუ არის შესატანი, ვფიქრობ, ამასაც შეიტანს კანონმდებლობაში მმართველი პოლიტიკური ძალა. რამე არაკონსტიტუციურად და არასწორად თუ იქნება კანონმდებლობაში ფორმულირებული, ჩამოყალიბებული, ამაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან კონტროლის მექანიზმი არსებობს“, – განაცხადა მერაბ ტურავამ.