მერაბ ტურავა მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილი იქნება, პრეზიდენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში გამოაცხადონ, მაქსიმუმ, 16 ოქტომბერს
მერაბ ტურავა მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილი იქნება, პრეზიდენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში გამოაცხადონ, მაქსიმუმ, 16 ოქტომბერს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განაცხადებით, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლო ზეპირი მოსმენით მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას დარბაზში აცხადებს, მიზანშეწონილი იქნება, პრეზიდენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაც საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში გამოაცხადონ.

მერაბ ტურავას თქმით, გადაწყვეტილება, მაქსიმუმ, 16 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს.

„დარეგისტრირდა 14 სექტემბერს და პლენუმს გადაეცა 15 სექტემბერს. გადაწყვეტილების პარლამენტში გაგზავნის ბოლო თარიღი და ბოლო დღე არის 14 ოქტომბერი. ვინაიდან 14 ოქტომბერი არასამუშაო დღეა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 41-ე მუხლიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება შეიძლება, გაიგზავნოს პირველ სამუშაო დღეს. ეს არის 16 ოქტომბერი, ორშაბათი. კონსტიტუციაში წერია, რომ ეგზავნება პარლამენტს, მაგრამ, ჩვენი საერთო წესებით, ვინაიდან ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს ზეპირი მოსმენით მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას დარბაზში ვაცხადებთ, მიზანშეწონილი იქნება დარბაზში გამოცხადება, მაქსიმუმ, 16 ოქტომბერს“, – განაცხადა მერაბ ტურავამ.

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე პარლამენტის 80-მა წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოს 12 სექტემბერს მიმართა. კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს დაიწყო და 5 ოქტომბერს დასრულდა. კონსტიტუციური წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენდა „საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით“. საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები იყვნენ თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.