მერაბ ტურავა - სამართლებრივი კულტურის მაჩვენებელი იქნება, ყველა თუ დაელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ გააკეთებენ შეფასებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ
მერაბ ტურავა - სამართლებრივი კულტურის მაჩვენებელი იქნება, ყველა თუ დაელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ გააკეთებენ შეფასებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ

სამართლებრივი კულტურის მაჩვენებელი იქნება, ყველა თუ დაელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ გააკეთებენ შეფასებას, ჩვენ ვდგავართ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განაცხადა.

როგორც მერაბ ტურავამ აღნიშნა, დღეს გრძელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა, რომელიც განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრების კონსტიტუციურ წარდგინებას.

„როგორც თქვენ ნახეთ, გუშინდელ სხდომაზე ჩვენ მოვიუსმინეთ პროცესის მონაწილეებს, ასევე დავუსვით შეკითხვები. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროცესის მონაწილეებს ერთმანეთის მიმართ ექნებათ შეკითხვები დამაზუსტებელი ხასიათის. ჩვენ ვაძლევთ ამის უფლებას, რომ ერთმანეთს დაუსვან შეკითხვები და იმედი მაქვს, ეს არ გადაიზრდება ისეთ პაექრობაში, განცხადებებისა და ინფორმაციის, სიტყვის წარმოთქმაში, რომელსაც პოლიტიკური ხასიათი ექნება და უფრო სამართლებრივ საკითხებზე გადაიტანენ აქცენტს, უპასუხებენ ერთმანეთის შეკითხვებს. ამის შემდეგ პროცედურით გათვალისწინებულია პროცესის მონაწილეთა შემაჯამებელი, დასკვნითი სიტყვების წარმოთქმა. მათ მთელი ამ სამი დღის მანძილზე მიმდინარე სხდომის შედეგები უნდა შეაჯამონ და, საბოლოოდ, თავიანთი პოზიცია უნდა დააფიქსირონ“, – განაცხადა ტურავამ.

მისივე თქმით, დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი გავა სათათბირო ოთახში და მოამზადებს გადაწყვეტილებას.

„ბუნებრივია, პროცესის ყველა მონაწილეს, მათ შორის, მოსამართლეებს, აქვთ გარკვეული აზრები, მაგრამ ეს აზრები არ ნიშნავს საბოლოო დასკვნას. სხდომის ოქმი კიდევ ერთხელ უნდა წაიკითხონ მოსამართლეებმა, ასევე მტკიცებულებები კიდევ ერთხელ უნდა გააანალიზონ, ერთმანეთის პოზიციები მოისმინონ და ამის შემდეგ მივლენ გარკვეულ დასკვნამდე. მე რომც მქონდეს ამ წუთას ჩემი აზრი და პოზიცია, უფლება არ მაქვს და არც იქნება სამართლებრივად სწორი, რომ ამის შესახებ წინასწარ გითხრათ. ბევრი თქვენი მაყურებელი, მსმენელი წინ უსწრებს მოვლენებს და უნდათ, რომ ჩვენზე ადრე მიიღონ და გამოაცხადონ გადაწყვეტილება. ალბათ მაღალი სამართლებრივი კულტურის მაჩვენებელი იქნება, რომ ყველა დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთონ შეფასებები. ჩვენ ვდგავართ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არასდროს არ განუხილავს კონსტიტუციური წარდგინება იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე,  ჩვენ გატკეპნილ გზაზე კი არ მივდივართ, არამედ უნდა დავადგინოთ ისეთი წესი და ინტერპრეტაცია იმ ნორმებისა, რომლებზეც იყო სამი დღის განმავლობაში საუბარი მსჯელობა, რომ შემდგომში ეს იყოს პრეცედენტი სხვა გადაწყვეტილებებისთვისაც. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, თუ რა გადაწყვეტილება იქნება სწორი იმ სამდღიანი სასამართლო პროცესის შემდეგ. ეს იქნება პრეცედენტული მნიშვნელობის“, – განაცხადა ტურავამ.