მერაბ ტურავა - ზოგიერთი ტელევიზიისგან იყო ინტენსიური ზეწოლა მოსამართლეებზე, სიუჟეტში აჩვენეს 2010 წელს ნაყიდი ჩემი სახლი, თითქოს ვიყავი მდიდარი და მდიდართა უბანში ვცხოვრობდი, რა მიზანს ისახავდა ეს?
მერაბ ტურავა - ზოგიერთი ტელევიზიისგან იყო ინტენსიური ზეწოლა მოსამართლეებზე, სიუჟეტში აჩვენეს 2010 წელს ნაყიდი ჩემი სახლი, თითქოს ვიყავი მდიდარი და მდიდართა უბანში ვცხოვრობდი, რა მიზანს ისახავდა ეს?

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მერაბ ტურავას განცხადებით, სასამართლომ პრეზიდენტთან დაკავშირებით სამართლებრივად ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა იყო ზეწოლა მოსამართლეების მიმართ, როცა ტელევიზიების მხრიდან მომზადდა სიუჟეტები და ვრცელდებოდა ისეთი ინფორმაციები, რასაც შეეძლო, ხელი შეეშალა მოსამართლეებისთვის გადაწყვეტილების მიღებაში.

„ბოლო პერიოდში, ბოლო დღეების მანძილზე, ზოგიერთი ტელევიზიის მხრიდან იყო ინტენსიური ზეწოლა მოსამართლეებზე, მათ შესახებ სიუჟეტების მომზადება. როცა მოსამართლეებზე ვრცელდება ინფორმაციები, მზადდება სხვადასხვა სიუჟეტი, რა თქმა უნდა, ეს მოსამართლეზე ემოციურად მოქმედებს. შესაბამისად, მართალია ჩვენ სამართლებრივად ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ ტელევიზიების ზემოქმედებით, განსაკუთრებით „მთავარმა“ მოამზადა რამდენიმე სიუჟეტი და ახლა კიდევ ჩემი ციტატა დამახინჯებულად განათავსა თავის ვებგვერდზე, არის ზეწოლა მოსამართლეზე ტელევიზიების მხრიდან. ყველა ადამიანი არის საზოგადოებრივი აზრის, ემოციების გავლენის ქვეშ. ტელევიზიები გადაწყვეტილების გამოცხადებამდე არ უნდა ავრცელებდნენ მოსამართლეებზე ისეთ ინფორმაციებს, რომელმაც შეიძლება, ხელი შეუშალოს მას გადაწყვეტილების მიღებაში. მე არ შემიშალა ხელი, მაგრამ როდესაც მოსამართლეებზე არის წნეხი, ეს უარყოფითად მოქმედებს.

„მთავარმა“ რომ მოამზადა სიუჟეტი და აჩვენა 2010 წელს ნაყიდი ჩემი სახლი, თითქოს მე ვიყავი მდიდარი და მდიდართა უბანში ვცხოვრობდი, რა მიზანს ისახავდა ეს სიუჟეტი? მე არ შემიშალა ხელი, მაგრამ ვეუბნები „მთავარს“ და ყველა სხვა ტელევიზიას, ვინც აქ არის, რომ როდესაც მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას, არის სათათბიროში, ვფიქრობ, შედეგისთვის უკეთესია, რომ თავი შეიკავონ გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეუძლიათ ნებისმიერი კრიტიკა პიროვნებაზეც, გადაწყვეტილებაზეც და ა.შ.“, – განაცხადა მერაბ ტურავამ.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.