მერაბ ქვარაია - საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებით არა რომელიმე პოლიტიკურმა გუნდმა, არამედ ქვეყანამ მოიგო
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება შედგა, ამ შეთანხმებით მოიგო არა რომელიმე პოლიტიკურმა გუნდმა, არამედ ქვეყანამ და მისმა განვითარებამ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მერაბ ქვარაიამ განაცხადა.
მისი თქმით, თამაშის წესებზე შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
„რაც შეეხება 30 საარჩევნო ოლქის განაწილების პრინციპს, ეს შესაბამისობაში უნდა იყოს ამომრჩეველთა გარკვეულ რაოდენობასთან. ამ პრინციპით გადანაწილდება. წინასწარი მონახაზი არსებობს და ამის თაობაზე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია. არსებული გაანგარიშებით, სამეგრელოს სამი მაჟორიტარი ეყოლება, ზუგდიდს ერთი. შემდეგი პარლამენტი გვაჩვენებს, რამდენად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ეს“, – განაცხადა დეპუტატმა.
მიმდინარე წლის 8 მარტს მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40 პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ. საქართველოში აშშ-ის საელჩომ შეთანხმების ტექსტიც გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.