მერაბ ქვარაია - ზუგდიდში განსაკუთრებით გააქტიურდნენ ახალაიებისა და ქარდავას მეგობრები, მათი გასაიდუმლოებული შტაბის დავალებაა დესტაბილიზაციის, არეულობის შეტანა ყველა საარჩევნო უბანზე
მერაბ ქვარაია - ზუგდიდში განსაკუთრებით გააქტიურდნენ ახალაიებისა და ქარდავას მეგობრები, მათი გასაიდუმლოებული შტაბის დავალებაა დესტაბილიზაციის, არეულობის შეტანა ყველა საარჩევნო უბანზე

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ზუგდიდში გასაიდუმლოებული შტაბი აქვს.

მერაბ ქვარაიას თქმით, პირველი ტურის დასრულების შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდნენ ზუგდიდში ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომლები, ახალაიებისა და მეგის ქარდავას ახლო მეგობრები.

მერაბ ქვარაია ამბობს, რომ აღნიშნული შტაბის მთავარი დავალებაა დესტაბილიზაციისა და არეულობის შეტანა, როგორც წინასაარჩევნო პროცესში, ასევე არჩევნების დღეს ყველა საარჩევნო უბანზე.

„მოგეხსენებათ, ზუგდიდის არჩევნების პირველ ტურში განსაკუთრებით გამოირჩეოდა „ნაციონალური მოძრაობის“ აგრესიული საარჩევნო კამპანია. ჩვენ არჩევნების დღეს ეს განსაკუთრებით მძაფრად ვიხილეთ – არაერთი პროვოკაციის მცდელობა, მუქარა, შანტაჟი ამომრჩეველზე, ეს მთელმა საქართველომ დაინახა.

პირველი ტურის დასრულების შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდნენ ზუგდიდში ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომლები, ყველასთვის ნაცნობი ახალაიებისა და მეგის ქარდავას ახლო მეგობრები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სისატიკით. ისინი მხარდამჭერებზე, საარჩევნო კომისიის წევრებზე, საარჩევნო პროცესში ჩართულ ადამიანებზე იჩენენ განსაკუთრებულ აგრესიულ მიდგომებს, განსაკუთრებულ აგრესიულ დამოკიდებულებას. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობს დათა და ბაჩო ახალაიების ახლო მეგობარი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი აკო მინაშვილი. ამ ჯგუფის საზოგადოებისთვის გასაიდუმლოებული შტაბი მდებარეობს ქალაქ ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩა ნომერ 24-ში, ეს არის ერთგვარი შავი გასაიდუმლოებული შტაბი, სადაც მიმდინარეობს მათი შეკრებები, ბუნებრივია იქ მათი სასიკეთო არაფერი იგეგმება. მათივე შტაბიდან მიღებული და გავრცელებული ინფორმაციით, დადასტურებული ინფორმაციებით, ამ შტაბის მთავარი დავალებაა დესტაბილიზაციისა და არეულობის შეტანა, როგორც წინასაარჩევნო პროცესში, ასევე არჩევნების დღეს ყველა საარჩევნო უბანზე.

ჩვენ ვეუბნებით ამ ადამიანებს პირდაპირ, არ დავუშვებთ დესტაბილიზაციის მცდელობასაც კი და კანონის მაქსიმალური სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვინც ეცდება, ხელი შეუშალოს ჩვენი მუნიციპალიტეტის სტაბილურ და მშვიდ განვითარებას. არავის მიეცემა მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების შეზღუდვის შესაძლებლობა. არჩევნები ჩაივლის მშვიდ, სტაბილურ და სამართლიან გარემოში. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უპირობოდ დაიცავს ჩვენს მთავარ მონაპოვარს – დემოკრატიულ ღირებულებებს და მშვიდად ცხოვრების უფლებას საქართველოში, მათ შორის ზუგდიდში“, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

დატოვე კომენტარი