მექსიკის დაკარგულ ქალაქში იმაზე მეტი შენობა-ნაგებობა აღმოაჩინეს, ვიდრე დღეს მანჰეტენზეა
მექსიკის დაკარგულ ქალაქში იმაზე მეტი შენობა-ნაგებობა აღმოაჩინეს, ვიდრე დღეს მანჰეტენზეა

LIDAR-მა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავის არქეოლოგიური მამაცობა — მკვლევართა ჯგუფმა ეს მეთოდი გამოიყენა დასავლეთ მექსიკაში არსებული „დაკარგული“ ქალაქის შესასწავლად. ქალაქი ეკუთვნოდა აცტეკების ცივილიზაციის მტერს — პურეპეჩას ხალხს.

LIDAR (light detection and ranging) წარმოადგენს გეოდეზიური კვლევის მეთოდს, რომელიც სამიზნემდე მანძილის გასაზომად მას ლაზერის პულსებით ანათებს და შემდეგ სენსორით ზომავს უკან არეკლილ პულსებს. ლაზერის უკან დაბრუნების დროსა და ტალღის სიგრძეში არსებული სხვაობის გარკვევის საფუძველზე, ადვილად ქმნიან სამიზნის 3D მოდელს.

ჯგუფმა, რომელსაც კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგი კრის ფიშერი ხელმძღვანელობდა, დაადგინა, რომ ქალაქ ანგამუკოში, დაახლოებით 40 000 შენობა-ნაგებობა უნდა ყოფილიყო მიმოფანტული 26 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე.

მკვლევართა თქმით, ეს რიცხვი მანჰეტენის შენობებისას უდრის, თუმცა ინდიელთა ქალაქი გაშენებული ყოფილა გაცილებით პატარა ტერიტორიაზე, რადგან მანჰეტენის ფართობი 59 კვადრატული კილომეტრია.


ქალაქი ანგამუკო საუკუნეების განმავლობაში ყვაოდა. გაშენებული იყო თანამედროვე მექსიკის შტატ მიჩოაკანში, ათასობით წლით ადრე ამოფრქვეულ ლავის ნაკადებზე. მისი შესწავლის ყოველი მცდელობა განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენდა, რადგან დაფარული იყო გაუვალი ტყეებით.

ფიშერი და მისი ჯგუფი ამ ტერიტორიის რუკაზე დასატანად LIDAR-ის მეთოდს 2009 წლიდან იყენებენ. შედეგად, ქალაქის შესახებ არაერთი ახალი დეტალი გაირკვა.


მათ რუკაზე დაიტანეს 35 კვადრატული კილომეტრი, დაადგინეს ქალაქის ზომაც. ჯგუფის წევრებმა უშუალოდ, პირადად მოიარეს 4 კვადრატული კილომეტრი და დაადასტურეს LIDAR-ით მანამდე გამოვლენილი 7 000 არქიტექტურული ნაგეობობაც.

„ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე წარმოდგენილია მრავალი არქიტექტურული ნაგებობა, სადაც ბევრ ხალხს უნდა ეცხოვრა. თუკი მარტივ გათვლებს გამოიყენებთ, აღმოაჩენთ, რომ საქმე ეხება იქ არსებულ დაახლოებით 40 000 შენობას, იმავე რიცხვს, რამდენი ნაგებობაც არის კუნძულ მანჰეტენზე“, — განუცხადა ფიშერმა გამოცემა The Guardian-ს.

ანგამუკომ პიკს ახ. წ. 1000-1350 წლებში მიაღწია. ფიშერის თქმით, ამ პერიოდში ქალაქის მოსახლეობა სავარაუდოდ 100 000 ადამიანს აღწევდა და წარმოადგენდა უდიდეს ქალაქს იმ დროის დასავლეთ მექსიკაში. იყო უფრო დიდი, ვიდრე პურეპეჩას იმპერიის დედაქალაქი ცინცუნცანი.

მკვლევრებმა ასევე შენიშნეს, რომ ქალაქს გეგმარების უცნაური მახასიათებლები აქვს. ტაძრები და ღია მოედნები განლაგებულია არა ცენტრში, როგორც ეს ხშირად ხდებოდა, არამედ ანგამუკოს კიდეების გარშემო, რვა ადგილას.


ჯგუფის მიერ აღმოჩენილ სხვა მახასიათებლებს შორისაა გზები, პირამიდები, ბაღები, ბურთის სათამაშო მოედნები და სასაფლაოები. სამარხებმა მეცნიერებს მნიშვნელოვანი ცნობები მისცა პურეპეჩას ხალხის სამგლოვიარო წეს-ჩვეულებების შესახებ.

როგორც რადიონახშირბადული დათარიღების მეთოდის გამოყენებით დადგინდა, გათხრებისას აღმოჩენილი ზოგიერთი არტეფაქტი ახ. წ. 900 წელს მიეკუთვნება. ირკვევა ისიც, რომ ქალაქმა განვლო ორი პერიოდი — გაფართოების და კოლაფსის. თუმცა, ყველაფერი მე-15 საუკუნეში დასრულდა, როდესაც მექსიკას ევროპელი დამპყრობლები მიადგნენ და სამუდამოდ დაამხეს კოლუმბამდე არსებული მესოამერიკის მრავალი კულტურა.

LIDAR-ის მეთოდმა წარსულშიც არაერთხელ მიგვიყვანა მრავალ განსაცვიფრებელ აღმოჩენამდე; ძირითადად, საქმე ეხება გაუვალ ტყეებში ჩაკარგულ უძველეს ქალაქებს. თებერვლის დასაწყისში, მკვლევრებმა აღმოაჩინეს გვატემალის ჯუნგლებში დაკარგული უძველესი მეგაპოლისი.


სწორედ LIDAR-ის ტექნოლოგიის გამოყენებით აღმოაჩინეს შუა საუკუნეების დაკარგული ქალაქები კამბოჯის ჯუნგლებში. გარდა ამისა, ფიშერმა იპოვა ჰონდურასის ტროპიკულ ტყეებში ჩაკარგული ქალაქებიც.

LIDAR-ის სიმძლავრეს განაპირობებს ის ფაქტი, რომ შეუძლია შეაღწიოს ფოთლებისა და წყლის საფარში და ზედაპირის ქვეშ არსებული მახასიათებლები რუკაზე დაიტანოს სამ განზომილებაში. შედეგად, ვლინდება ისეთი დეტალები, რომლებიც ადამიანის თვალისთვის, სხვა მხრივ, უხილავია.

„ყველგან, სადაც კი LIDAR-ის ინსტრუმენტს მიმართავთ, აუცილებლად იპოვით რაღაც ახალს. ამერიკის არქეოლოგიური სამყაროს შესახებ, ამ ეტაპზე ძალიან ცოტა რამ ვიცით. ვცხოვრობთ ისეთ პერიოდში, როცა ამჟამად არსებული ყველა სახელმძღვანელო შესაძლოა, უცბად ხელახლა დაიწეროს, მაგრამ არაა გამორიცხული, ორი წლის შემდეგ უკვე მათი გადაწერაც გახდეს საჭირო“, — განმარტავს ფიშერი.

„ამერიკის კონტინენტის ბევრი ისეთი ზონა, რომელთაც დღეს ვხედავთ და რომლებიც ხელუხლებელ ტროპიკულ ტყეებად მიგვაჩნია, სინამდვილეში, მიტოვებული ბაღებია“.

თავის ჯგუფის კვლევის შედეგები ფიშერმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა ქალაქ ოსტინში (ტეხასის შტატი), ამერიკის მეცნიერების განვითარების ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე.

მომზადებულია The Guardian-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით