არქეოლოგებმა მექსიკაში სამყაროს უძველესი მოდელი აღმოაჩინეს
არქეოლოგებმა მექსიკაში სამყაროს უძველესი მოდელი აღმოაჩინეს

უძველესი მექსიკის ხალხს შეიძლება სულ არ ჰქონდათ ის უძლიერესი ტელესკოპები, რომლებიც დღეს ჩვენ გვაქვს, მაგრამ ეს სულ არ უშლიდა ხელს წარმოდგენა ჰქონოდათ სამყაროს მასშტაბებზე, როგორც ამას მეტყველებს ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა მეხიკოს სიახლოვეს, ნაუალაკის არქეოლოგიურ ძეგლზე.

კოსმოსის ეს განსაკუთრებული, მინიატურული მოდელი არ ასახავს პლანეტებსა და ვარსკვლავებს, სამაგიეროდ, ასახულია აცტეკების მითოლოგიის ზღვის ურჩხული სიპაკტლი, რომელიც აცტეკთა ტრადიციული მითების მიხედვით, ყოფს დედამიწასა და სამოთხეს და მოაქვს სიცოცხლე.

მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევართა თქმით, ლაგუნის ქვეშ აღმოჩენილი ქვის ეს სტრუქტურა სპეციალურად იყო გაკეთებული იმისთვის, რომ მოეხდინა შთაბეჭდილება, თითქოს მასზე გამოსახული რუკები ტბორის ფსკერზე კი არ იყო ჩაძირული, არამედ წყლის ზედაპირზე ცურავდა, როგორც ამას მათი რწმენით, სიპაკტლი აკეთებდა.

„ოპტიკური ეფექტი, რომელიც წყლის ზედაპირის სარკეზე ხდებოდა, ისე ჩანდა, თითქოს ეს სტრუქტურა ანათებდა, რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს ადგილი განასახირებდა პირველყოფილ დროსა და სივრცეს, სამყაროს მინიატურულ მოდელს“, — აღნიშნავენ მკვლევრები განცხადებაში.

„ეს ვიზუალური ეფექტები, ასევე ამ ძეგლის შემადგენელი ელემენტების მახასიათებლები და მათი ერთმანეთთან ურთიერთქმედება, გვიჩენს ვარაუდს, რომ ნაუალაკი წარმოადგენდა მიკროკოსმოსს, რომელშიც ჩართულია პრიმიტიული წყალი და მითიური დრო-სივრცის დასაწყისი“, — ამბობს ჯგუფის წევრი, ირის ერნანდესი.

კრეაციონიზმის ზოგიერთი მესოამერიკული მითის მიხედვით, სიპაკტლის — რომელიც იყო ნაწილობრივ ნიანგი, ნაწილობრივ თევზი და ნაწილობრივ ბაყაყი — სიცოცხლე ღმერთებმა შთაბერეს, დააცურებდნენ წყლის ზედაპირზე და შემდეგ, მისი სხეულისგან შექმნეს დედამიწა. ზოგიერთი თქმულების მიხედვით კი, სიპაკტლი დაიფლითა, რათა შექმნილიყო სამყარო.

„ტეტცაკუალკოს“ ანუ საკურთხევლის ქვის ნარჩენები ბუნებრივი ტბორის შუაგულში იპოვეს, ზღვის დონიდან 3 870 მეტრზე, მიძინებულ ვულკან ისტაქსიუატლის ჩრდილქვეშ. მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის არქეოლოგები ამ ძეგლზე 2016 წლიდან მუშაობდნენ.

ძეგლს აქვს გეომეტრიული კენკონსის ფორმა, არეალის ირგვლივ შემოვლებული ქვა წარმოქმნის მართკუთხედს, ცენტრალური წერტილი კი ასახავს ადგილს, სადაც სიპაკტლი უნდა ყოფილიყო დამალული. არქეოლოგთა თქმით, ახლომდებარე ბუნებრივი წყაროებიდან უნდა ჩადენილიყო წყლის კონტროლირებული ნაკადები, რომლებიც ამ სალოცავს ვიზუალურად ისე წარმოაჩენდა, თითქოს ის წყლის ზედაპირზე ტივტივებდა.

ახლომახლოს აღმოაჩინეს სხვა არტეფაქტებიც, მათ შორის აცტეკთა წვიმის ღმერთ ტლალოკთან დაკავშირებული კერამიკის ნივთები. მკვლევართა აზრით, ეს ადგილი გამოიყენებოდა როგორც ტლალოკის, ისე წყლისა და მიწის სხვა ღვთაებათადმი მიძღვნილი რიტუალებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ სამყაროს მინიატურული რუკა ჯერ არ დაუთარიღებიათ, ამ ზონაში აღმოჩენილი სხვა არტეფაქტები ახ. წ. 750-1150 წლებს ეკუთვნის; შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ლაგუნასა და მის ნაპირებსაც სწორედ ამ პერიოდში გამოიყენებდნენ.

მართალია, სამყაროს თანამედროვე რუკები გაცილებით ზუსტია, ვიდრე ტეტცაკუალკო, მაგრამ მართლაც გასაოცარია ეს უძველესი მითები სამყაროს შექმნასთან დაკავშირებით. მექსიკელ არქეოლოგთა ჯგუფი კვლევებს განაგრძობს.

აღმოჩენილი სტრუქტურა
გათხრები ლაგუნაში

მომზადებულია inah.gob.mx-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით