მეპატრონემ სასტუმრო „ტეხასი“ დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულებს უფასოდ დაუთმო
დიდ დიღომში მომხდარი მთელი ქვეყნის ტრაგედიაა და ასეთ დროს ერთმანეთს გვერდით უნდა დავუდგეთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სასტუმრო „ტეხასის“ მეპატრონემ, სოსო შენგელიამ განუცხადა, რომელმაც სასტუმროში აფეთქების შედეგად დაზარალებულები სასტუმროში უსასყიდლოდ შეიფარა.
სოსო შენგელიას განცხადებით, მომხდარის შემდეგ ის მერიას დაუკავშირდა და დახმარება ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე შესთავაზა.
„როდესაც გავიგე მომხდარის შესახებ, დავრეკე ქალაქის მერიაში, ხალხს უჭირდა, დაბინავება უნდოდათ და ვთხოვე, ჩემთანაც მოსულიყვნენ. დაახლოებით ღამის 2 საათზე შემოიყვანეს, ანერვიულებულები იყვნენ. დიდუბის გამგეობა, მერია, ყველა ერთად დავდექით და რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ. ჩვენთან ექვსი ოჯახია გადმოყვანილი და კიდევ ორ ოჯახს ველოდებით. ეს მთელი ქვეყნის ტრაგედია არის და ყველა ერთმანეთს უნდა ამოუდგეს გვერდით“, – განაცხადა შენგელიამ.
აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა რვა. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება. კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმა პირმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ. დაზარალებულები სასტუმროებში დააბინავეს. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.