მეოთხე კატეგორიის კომპანიებს ბუღალტრული ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება ორი წლით გადაუვადდებათ
მეოთხე კატეგორიის კომპანიებს ბუღალტრული ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება ორი წლით გადაუვადდებათ

მთავრობამ ფინანსთა სამინისტროს ინციატივას ბუღალტრული აღრიცხვის-ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ მხარი დაუჭირა.

საუბარია მეოთხე კატეგორიის კომპანიებისთვის ბუღალტრული ანგარიშგების წარდგენის ვალდებულების ორი წლით გადავადებაზე. მეოთხე კატეგორიას მიეკუთვნება სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს სამი კრიტერიუმიდან, სულ მცირე, ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს არ აღემატება; შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება; საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება.

კანონპროექტის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გააკეთა განმარტება.

„კანონის მიხედვით ყველა კომპანიას საქართველოში პირველი ოქტომბრისთვის ევალებოდა, მოეხდინა გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით თავიანთი ანგარიშგების წარდგენა იმ სტანდარტის მიხედვით, რომელიც დააწესა აუდიტის ზედამხედველობის ორგანომ. ჩვენ კომპანიები გვქონდა დაყოფილი ოთხ კატეგორიად და მეოთხე კატეგორიაში, სადაც დაახლოებით 60 ათასამდე კომპანია შედის, როგორც პატარა, მიკრობიზნესი, მათაც უჭირდათ პირველი ოქტომბრისთვის ამ ანგარიშგების წარდგენა და არ წარდგენის შემთხვევაში, ჯარიმა არის 500 ლარი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინა, რომ ზოგიერთ კომპანიას არ აქვს ადამიანური რესურსი ამ ხარისხის ანგარიშგება ჰქონდეს, ასევე ზოგს არ აქვს კომპიუტერული სისტემები.

„აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება და საქართველოს მთავრობამაც მხარი დაუჭირა ორი წლით გადავუვადოთ ეს მოთხოვნა. შესაბამისად, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მოუწევთ ანგარიშგების წარდგენა 2021 წელს. კომპანიების მეოთხედი პრაქტიკულად კარგ მდგომარეობაშია ფინანსური ანგარიშგების თვალსაზრისით და იმედი მაქვს, დანარჩენიც ამ ორი წლის განმავლობაში წამოეწევა და გვექნება გაცილებით გამჭვირვალე, ეს ბიზნესისთვის და მათთვისვე გაცილებით საინტერესოა“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი განმარტებით, ამის მიზანია კომპანიებს წესრიგში ჰქონდეთ თავიანთი ანგარიშგება, რის შემდეგაც ადვილად შეძლებენ კრედიტის მოზიდვას, ასევე ეს უზრუნველყოფს დარგის გამჭვირვალობას.

„ვფიქრობ, ორი წელი საკმარის დროა, რომ დაეწიონ ამ მოთხოვნებს“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.