საქსტატი - 2022 წელს საქართველოში ბიზნესსექტორის ბრუნვა თითქმის 21 პროცენტით, 182 მილიარდ ლარამდე გაიზარდა
საქსტატი - 2022 წელს საქართველოში ბიზნესსექტორის ბრუნვა თითქმის 21 პროცენტით, 182 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 2022 წელს, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 20.8 პროცენტით გაიზარდა და 181.8 მილიარდი ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2022 წელს მისი მოცულობა 71.8 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 24.6 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს მთლიანი ბრუნვის 65.5 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 16.1 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 18.3 პროცენტი მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 48.6 პროცენტი, საშუალოზე – 23.7 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 27.7 პროცენტი.

საქსტატის ინფორმაციით, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2022 წელს – 101.4 მლრდ ლარი, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 65.8 მლრდ ლარი შეადგინა. საქონლისა და მომსახურების მთლიანი ყიდვები – 24.6 პროცენტით, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვები 27.0 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებლებზე. 2022 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 779.4 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 4.7 პროცენტით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.1 პროცენტი ქალია, ხოლო 56.9 პროცენტი – კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 39.9 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.3 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 39.8 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 726.2 ათასი კაცი შეადგინა. საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 14 283.9 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც წინა წელთან შედარებით 25.8 პროცენტით მეტია.

2022 წელს საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 1 605.9 ლარს გაუტოლდა, მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაზრდილია 258.3 ლარით, მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა 1 264.0 ლარი, ზრდამ, წინა წელთან შედარებით, 199.6 ლარი შეადგინა. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 822.4 ლარი; საშუალო ბიზნესი – 1 862.2 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 187.2 ლარი.

უწყების მონაცემებით, 2022 წელს ბიზნესსექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 38.1 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე. მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 29.1-პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 9.4-პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 6.0-პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 5.1-პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 3.1-პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 9.2 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება.

2022 წელს ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (22.2 პროცენტი) და ვაჭრობა (19.2 პროცენტი), შემდეგ მოდის მშენებლობა (16.6 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება – 9.5-პროცენტიანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 32.5-პროცენტიანი წილი უჭირავს.

2022 წელს დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნესსექტორში ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების დარგები ლიდერობენ. თუმცა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ტრანსპორტისა და დასაწყობების, მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის საქმიანობების და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების დარგის საწარმოებზეც.