მეხიკოში აცტეკების პერიოდის გველის თავის უზარმაზარი ქანდაკება აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
წარსულის არტეფაქტების აღმოსაჩენად ზოგჯერ შრომატევადი გათხრებია საჭირო, მაგრამ ზოგჯერ, როგორც ეს მეხიკოს ბოლოდროინდელი მიწისძვრის შემთხვევაში მოხდა, ამ საქმეს თავად ბუნება აკეთებს.
2022 წლის 19 სექტემბერს, მექსიკის დასავლეთ სანაპიროს სიახლოვეს 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც ორი ადამიანი იმსხვერპლა. ბიძგები 400 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ მეხიკოშიც იგრძნობოდა, სადაც რამდენიმე შენობა დაზიანდა, მათ შორის, სამართლის სკოლა ქალაქის ცენტრში.
ამ შენობის საძირკვლის ქვეშ, მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის არქეოლოგებმა ქვისგან გამოთლილი გველის თავის უზარმაზარი ქანდაკება აღმოაჩინეს, რომელი დაახლოებით 500 წლისაა, აცტეკების პერიოდის.
გველის თავის სიგრძე 1,8 მეტრია, სიმაღლე ერთი მეტრი და დაახლოებით 1,2 ტონას იწონის.
აღმოჩენა მართლაც საოცარია. ქანდაკება ადგილიდან ამწით მოხსნეს. ის მიწაში დაახლოებით 4,5 მეტრის სიღრმეში იყო ჩამარხული აცტეკების დედაქალაქის, ტენოჩტიტლანის ნანგრევებში.
მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტისა და ტემპლო-მაიორის მუზეუმის ექსპერტები ძეგლზე მუშაობას განაგრძობენ. აღსანიშნავია, რომ გველის თავის ქანდაკების ზედაპირს შენარჩუნებული აქვს თავდაპირველი ფერების 80 პროცენტი.
ქანდაკებაზე ჩანს წითელი, ლურჯი, თეთრი და ჟანგის ფერები. მკვლევრებმა ის ტენიანობის კამერაში მოათავსეს, რათა ფერები რაც შეიძლება მეტად შეინარჩუნონ. ისინი მინერალებისა და მცენარეული მასალებისგანაა დამზადებული და განსაკუთრებით არამდგრადია. ფერების შენარჩუნების სამუშაოები 2024 წელს გაგრძელდება.
მეცნიერთა ვარაუდით, გველის თავის ქანდაკება აცტეკების იმპერიის ბოლო პერიოდს ეკუთვნის, როდესაც ამ რეგიონში მათი დედაქალაქი ტენოჩტიტლანი ყვაოდა. აცტეკები ნამუშევრებში ხშირად იყენებდნენ გველებს, თუნდაც იმიტომ, რომ ჰყავდათ გველის მსგავსი ღვთაებები, მაგალითად, კეცალკოატლი.
ასეთი აღმოჩენები ფასდაუდებელ ცნობებს გვაწვდის აცტეკების შესახებ. ამ ძლევამოსილი იმპერიის დაცემა სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობა; მათ შორის იყო ესპანელთა შეჭრა და დაავადებების გავრცელება.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.