აცტეკების დედაქალაქის უჩვეულო მონუმენტს მექსიკელი არქეოლოგები კვლავ მიწაში ჩამარხავენ — #1tvმეცნიერება
აცტეკების დედაქალაქის უჩვეულო მონუმენტს მექსიკელი არქეოლოგები კვლავ მიწაში ჩამარხავენ — #1tvმეცნიერება

მექსიკელი არქეოლოგების განცხადებით, დედაქალაქ მეხიკოს გარეუბანში აღმოჩენილი უჩვეულო არქეოლოგიური მონუმენტის ხელახლა დამარხვას გეგმავენ. მნიშვნელოვანი ისტორიული აღმოჩენა გაურკვეველი ვადით კვლავ მიწაში ჩაიმარხება.

ეს გახლავთ საუკუნეების წინ აშენებული გვირაბი, რომელიც ალბარადონ-დე-ეკატეპეკის შემადგენელი ნაწილია — წყალდიდობის კონტროლის სისტემის, რომელიც დამბებისა და წყალსაშვებებისგან შედგება, რათა დედაქალაქი ტენოჩტიტლანი წყალმოვარდნებისგან დაეცვათ.

ტენოჩტიტლანი აცტეკების იმპერიის დედაქალაქი იყო; კოკისპირული წვიმების დროს დატბორვისგან დასაცავად, ქალაქს დამბების მრავალი სისტემა ჰქონდა, მაგრამ ესპანელმა კონკისტადორებმა ამ ინფრასტრუქტურის სიდიადე თავდაპირველად სათანადოდ ვერ შეაფასეს და ნაგებობები კოლონიზაციის საწყის ეტაპზევე დაანგრიეს.

თუმცა, მას შემდეგ, რაც ადრეული კოლონიური ქალაქი მეხიკო მრავალჯერ დაიტბორა, 1600-იანი წლების დასაწყისში ალბარადონ-დე-ეკატეპეკი და წყალდიდობის კონტროლის სხვა სისტემები ხელახლა ააშენეს ან შეაკეთეს.

საუკუნეების შემდეგ, 2019 წელს, მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის (INAH) არქეოლოგებმა ალბარადონ-დე-ეკატეპეკის ერთ-ერთი ასეთი სტრუქტურა აღმოაჩინეს — გვირაბი, რომელიც მისი შემქმნელი კულტურის უნიკალურ სინთეზს ინახავდა.

პატარა ტუნელი-ჭიშკრის სიგრძე მხოლოდ 8,4 მეტრია და წარმოადგენს კოლოსალური მონუმენტის, ალბარადონ-დე-ეკატეპეკის მხოლოდ მცირე ნაწილს; ეს სისტემა ჯამში ოთხ კილომეტრზე იყო გადაჭიმული და მის აგებაზე ათასობით ადგილობრივი მუშაობდა.

მართალია სტრუქტურა პატარაა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი და უჩვეულო აღმოჩენა გახლდათ, რადგან მასზე მკვლევრებმა მიაგნეს რამდენიმე პრეისტორიულ, რელიეფურად ამოკვეთილ ფიგურას.

ჯამში აღმოჩენილია 11 სიმბოლო, მათ შორის საომარი ფარის გამოსახულებები, ფრინველის თავები, წვიმის წვეთები და ა. შ.

მიჩნეულია, რომ ეს სიმბოლოები გვირაბებში დაამზადეს ორი ქალაქის, ეკატეპეკისა და ჩიკონაუტლას არაესპანელმა მცხოვრებლებმა, რომლებიც ალბარადონ-დე-ეკატეპეკის მშენებლობაში მონაწილეობდნენ.

მიუხედავად ესპანელებამდელი იკონოგრაფიისა, მისი ზოგადი არქიტექტურა მიუთითებს, რომ მშენებლობაში ესპანელებიც იყვნენ ჩართული.

„ჩვენი პროექტის ერთ-ერთი მიზანი იყო გზის მშენებლობის სისტემის გარკვევა, რამაც დაგვამტკიცებინა, რომ მას ესპანელებამდელი მეთოდები არ აქვს და გამოირჩევა ნახევრადწრიული თაღებითა და ანდეზიტის აგურებით, კირისა და ქვის დუღაბებით, ზედა ნაწილის მოპირკეთებით, ქვის ზოლებით. ამ ყველაფერზე რომაული და ესპანური გავლენა იკითხება“, — წერდნენ მკვლევრები 2019 წელს.

იგეგმებოდა, რომ აღმოჩენისთვის საჯარო გამოფენის სახე მიეცათ, სადაც ხალხი მივიდოდა და თავად მოინახულებდა უძველეს აცტეკურ და ესპანურ ელემენტებს; თუმცა, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა.

მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევრები ახლა იუწყებიან, რომ გამოფენის აშენებისა და გამორჩეული სტრუქტურის დაცვისათვის საჭირო ფინანსების ნაკლებობის გამო, ბოლო დროს აღმოჩენილი გვირაბის მონაკვეთი კვლავ მიწით დაიფარება; გვირაბს ისე ჩამარხავენ, რომ არ დაზიანდეს ან არ გაძარცვონ.

მკვლევართა განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი დიდწილად მექსიკის ეკონომიკაზე COVID-19-ის გავლენა გახდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.