აცტეკების უძველეს დედაქალაქში მსხვერპლად შეწირული ასობით ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს
აცტეკების უძველეს დედაქალაქში მსხვერპლად შეწირული ასობით ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს

თანამედროვე მეხიკოს ტერიტორიაზე, აცტეკთა ძველი დედაქალაქის, ტენოჩტიტლანის გათხრებისას, მექსიკელმა არქეოლოგებმა სისხლიანი რიტუალების დროს მსხვერპლად შეწირულ ადამიანთა თავის ქალები აღმოაჩინეს.

მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევრებმა აღმოჩენა მეხიკოს შუაგულში გააკეთეს.

ადამიანთა მსხვერპლშეწირვის კვალს არქეოლოგებმა მეხიკოს მთავარი საკათედრო ტაძრის უკან, ერთი ხალხმრავალი ქუჩის გათხრებისას მიაგნეს. ამ კათოლიკური ტაძრის ადგილზე ერთ დროს აღმართული იყო აცტეკების მთავარი ტაძარი, ტემპლო-მაიორი.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს თავის ქალების ე. წ. თაროები, რომლებიც მოიცავს ასობით ადამიანის ნეშტისა და თავის ქალის ფრაგმენტებს.

ეს თაროები პირველად ესპანელმა კონკისტადორებმა აღწერეს, რომლებიც 1519 წელს ცენტრალურ ამერიკას მიადგნენ.

ზოგიერთი მკვლევრის ვარაუდით, ამ შემზარავ თაროებზე საჯაროდ გამოფენილი უნდა ყოფილიყო 130 000 მოკვეთილი თავი.

ხის თაროები ჩამწკრივებული იყო მრავალ რიგად, რომლებზეც საგულდაგულოდ იყო შემოწყობილი ათასობით თავის ქალა.

ბიოარქეოლოგ ხიმენა ჩავესის თქმით, მსხვერპლად შეწირულ ადამიანებს თავს მაშინვე ჰკვეთდნენ.

„აცტეკმა ქურუმებმა საოცრად კარგად იცოდნენ ანატომია და ეს ცოდნა, თაობიდან თაობას გადაეცემოდა“, — აღნიშნავს იგი.

აცტეკებისა და მაიას ტომები ცოცხალ ადამიანებს მსხვერპლად სწირავდნენ თავიანთ ღმერთებსა და მზეს.

მათი მსოფლმეხდველობით, თავის ქალები სიცოცხლისა და განახლების სიმბოლო იყო. ყველანაირი არტეფაქტი 1521 წლიდან გაქრა, როდესაც ესპანელმა დამპყობლებმა აცტეკთა დიდებული დედაქალაქი ტენოჩტიტლანი პირისაგან მიწისა აღგავეს.

აცტეკების ნაქალაქარში ყველაფერი მიწამ შთანთქა, თანამედროვე მეხიკოს სიღრმეებში.

მექსიკის დედაქალაქში არქეოლოგებმა გათხრები 2015 წელს დაიწყეს და პირველი აღმოჩენა შარშან ივლისში გააკეთეს, როცა ტემპლო-მაიორის სიახლოვეს 650 თავის ქალა იპოვეს.

არქეოლოგების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა იხილეს, რომ მსხვერპლად ერთნაირად სწირავდნენ როგორც ქალებსა და კაცებს, ისე ბავშვებს.

ტენოჩტიტლანი აცტეკებმა 1325 წელს დააარსეს და წარმოადგენდა ცენტრალური მექსიკის უდიდეს ქალაქს.

მე-15 საუკუნის ბოლოსთვის, ტენოჩტიტლანი აცტეკების იმპერიის დედაქალაქი იყო და მისი მოსახლეობა დაახლოებით 400 000 ადამიანს აღწევდა.

სისხლით გაჟღენთილი ტაძარი ტემპლო-მაიორი წარმოადგენდა მთავარ სარიტუალო ადგილს, სადაც ადამიანებს მსხვერპლად სწირავდნენ ომის ღმერთ უიცილოპოჩტლის და წვიმის ღმერთ ტლალოკს.

მომზადებულია express.co.uk-ის მიხედვით.